პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავეს. დაკავებული მოქალაქეებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
აქცია თავისუფლებისთვის პარალელურად რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფები კვლავ შეიკრიბნენ და ცდილობდნენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაპირისპირებოდნენ. ღამის 11 საათიდან დაძაბულობამ იმატა, დაპირისპირება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
კონტრაქციის მონაწილეები მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართულებით ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ. რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სპეცრაზმიც. აქცია გზავნილით „თავისუფლებისათვის“ 8 საათზე დაიწყო. მოქალაქეებს არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მოძრაობა „სირცხვილია“ შეუერთდნენ. მათთან ერთად იყვნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებიც. მოქალაქეებმა აქციაზე ცისარტყელას ფერებში დროშა გაშალეს და ჰიმნი შეასრულეს.
ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს. მას შემდეგ,რაც პოლიციამ კორდონი გახსნა, სიძულვილის ჯგუფებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. პოლიციამ კონტრაქციის ასი მონაწილე დააკავა.
მდუმარე აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 52 ჟურნალისტი. ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირებიც. დღის ბოლოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი ლოცულობდნენ ჟურნალისტებისათვის.
ნინი დვალიშვილი