კორონავირუსის ”დელტა” შტამის სწრაფად გავრცელების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა. ინგლისი, ისრაელი, საფრანგეთი – იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ვაქცინაციის ტემპი განსაკუთრებით მაღალია.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 19 ივლისისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას გეგმავს, თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს ”დელტა” შტამის სწრაფად გავრცელების გამო.
,,19 ივლისისთვის შესაძლოა, დღეში 50 000 კოვიდინფიცირებული გვყავდეს. შესაბამისად, საავადმყოფოებში გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და, სამწუხაროდ, ალბათ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც მოიმატებს. მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რომ ვიფიქროთ ახალ გადაწყვეტილებაზე და ეს არის ისევ კარანტინი, ჩვენ გვსურს, უფრო მეტად გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი“ – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ისრაელში, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდებოდა, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების ვაქცინაციის პროცესი. კვლევების მიხედვით, ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მიმართ, მაგრამ იცავს ადამიანებს დაავადების გამწვავებისა და სიკვდილისგან. სწორედ ამიტომ საფრანგეთშიც ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.