მთავარისაქართველოძალადობიდან მეორე დღე

ძალადობიდან მეორე დღე

დაშავებული ოპერატორები კლინიკებში რჩებიან, პოლიტიკოსები კი მომხდარს აფასებენ

ხუთ ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ ვერ შედგა, ვერც ლგბტქ ადამიანებზე იძალადეს.

დაგროვებული აგრესია საბოლოოდ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე დაიხარჯა. უმოწყალოდ ნაცემი მედიის წარმომადგენლების ნაწილი კლინიკებიდან გაწერეს. ნაწილს ოპერაციები ჩაუტარდა და სამკურნალო დაწესებულებებში რჩებიან.

ასეთია სამი მათგანი – “პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და “პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

„კლინიკაში ამ ეტაპზე 3 პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორს ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე ჩაუტარდა. დღეისათვის მათი გაწერა არ იგეგმება, ამას უფრო ხვალისათვის განვიხილავთ. სამივეს შემთხვევაში, შესაძლოა, გაწერა დაიგეგმოს. ორს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე თვალ-ბუდის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა იყო”, – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ.

ოპოზიცია მომხდარს მწვავედ აფასებს. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკებში მოინახულა. შეფასებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

„გუშინ იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მასობრივი ძალადობის აქტი.  ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს ენით აუწერელი პოლიტიკური ძალადობაა და რა დავარქვა არც ვიცი, ამაზრზენი ქმედება და რაც ყველაზე ცუდია, ეს ხდება ქრისტეს სახელით. ქრისტიანობა გვასწავლის სიყვარულს, თანადგომას, მიტევებას და არა თავ-პირის მტვრევას, ქუჩაში დანების რტყმევას, ძალმომრეობას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ქალებზე, კაცებზე, ტურისტებზე თავდასხმას და ა.შ. – ამას ქრისტიანული სარწმუნოება არ გვასწავლის. მე ნამდვილად ქრისტიანი ვარ და ყოველთვის დავიცავ ჩემს რწმენას, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და რომელიც უნდა გვქონდეს ყველა ქრისტიან ადამიან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმობს მომხდარ ძალადობას. ქვეყნის პირველმა პირმა თქვა, რომ ძალადობას ემიჯნება და აღნიშნავს, რომ პოლიციამ სათანადოდ იმუშავა.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალადობრივი დარბევის შემდეგ შსს-მ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსით კი 3 პირია დაკავებული. სულ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებები გაგრძელდეს.

თუმცა, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს ამ უწყების მიმართ უნდობლობა აქვს. ახლა საგამოძიებო უწყებებზეა დამოკიდებული, რამდენად სათანადოდ დაისჯებიან „ქართველობის“, „ქრისტიანობის“ და „სიწმინდის“ სახელით ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკავებულები.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend