რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ. აძლიერებს ვაქცინაციის კამპანიას დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო მოსკოვის კლინიკებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. რუსეთში ბარებსა და რესტორნებში მოსახლეობამ ვაქცინაციის ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. 4 ივლისის მონაცემებით, რუსეთში 25 ათას 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 2 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.
,,დელტა ვარიანტი ბევრ ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. მსოფლიო „კოვიდ-19“-ის პანდემიის ძალიან სახიფათო ეტაპზეა. დელტა ვარიანტი განაგრძობს განვითარებას, იმ ქვეყნებში რომლებშიც ნაკლები ვაქცინირებულია, საავადმყოფოები კვლავ გადატვირთულია. საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება კატალონიაშიც. ახალი შემთხვევების უმეტესობა 10-დან 29 წლამდე ახალგაზრდებში ვლინდება. ბოლო სამი დღის განმავლობაში კატალონიაში ინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ავსტრიაში კომენდანტის საათი გაუქმდა. რესტორნებისა და ბარების გახსნა კი 2 კვირაშია დაგეგმილი. ავსტრიის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დაესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებას ან ესტუმრებიან ბარებსა და რესტორნებს, უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი ან დოკუმენტი, რომ კორონავირუსი აქვთ გადატანილი.
გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 46% -ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დელტა შტამი კვლავ ვრცელდება და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ასევე ინგლისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
გაერთიანებულ სამეფოში დელტა ვარიანტით დაახლოებით 162 ათასი ადამიანია ინფიცირებული, აქედან 50 ათასზე მეტი შემთხვევა გასულ კვირას გამოვლინდა.