მთავარისაქართველოსასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები

სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები

„სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“- ამ თემაზე კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ფორუმი გამართა. კონფერენციაზე განაცხადეს, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს აკლდა სისტემურობა და ამ პროცესში არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება, შექმნილიყო შიდა და გარე გავლენებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. ფორუმზე ასევე აღინიშნა, რომ რეფორმების მიუხედავად, საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე სამართლიანი სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში სასამართლოს გავლენიანი ჯგუფებისგან, ეგრეთ წოდებული კლანური მმართველობისგან ვერ ათავისუფლებენ. მათი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

“დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად სასამართლოს რეფორმისთვის რეკომენდაციები წარადგინა. იმ შემთხვევაში თუ ამ რეკომენდაციებს მიიღებენ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არ არის რევოლუციური პაკეტი, თუმცა დღევანდელ დღეს ეს რეკომენდაციები შუზღუდავს “კლანს” ძალაუფლებას. უმთავრესია, რომ მმართველმა პარტიამ დაინახოს, რომ ამ რეკომენდაციების უკან დგას ამერიკის სერიოზული დამოკიდებულება სასამართლოს რეფორმისადმი”,- აცხადებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ.

“ამ ხელისუფლების პირობებში არარეალურად მიგვაჩნია რაიმე სახის არსებითი ცვლილებების განხორციელება სასმართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ და თავისუფალ სასამართლოს საფუძველი დავუდოთ”,- ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

“რთულია იმის პროგნოზირება თუ რას გააკეთებს “ქართული ოცნება” საბოლოო ჯამში. რასაკვირველია ისინი შეეცდებიან, რომ დანიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მაგრამ ამას ექნება თავისი ფასი და ბუნებრივია ეს კარგად გამოჩნდება შემოდგომის არჩევნებზე”, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.

საკომიტეტო გასაუბრება ცხრა მოსამართლესთან მომდევნო კვირაში დაიწყება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს დაესწრონ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მათი მთავარი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევამდე სასამართლო რეფორმის ჩატარებაა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას იმიტომ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ჯერ ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ აირჩიონ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

“ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და მიწვევის შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას.ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ სასამართლოში არსებობს კლანური მმართველობა და ამდენად ძალიან საინტერესოა კანდიდატების შეფასებები. ჩვენ გვჭირდება ფორუმი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას ვაჩვენებთ საკუთარ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი იძლევა ამის შესაძლებლობას”, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.

სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნას კვლავ აგრძელებს. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეჩერდება თუ არა ეს პროცესი.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend