მთავარისაქართველორეკომენდაციები ჯეიმს აპატურაისგან საქართველოს

რეკომენდაციები ჯეიმს აპატურაისგან საქართველოს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება – თქვა ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში გამართული შეხვედრის დაწყებამდე.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, ოპოზიციის და მმართველი გუნდის დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობდა.

“საქართველოში ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომელსაც ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდებიან. ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება სრულდება. პოლიტიკური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, ქვეყნის პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. ევროკავშირის შუამდგომლობით რეფორმები ტარდება. პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვხედავთ პროგრესს სასამართლო სისტემის მიმართულებითაც, რაზეც შეერთებული შტატების ელჩი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მთავარია, რომ მოვლენები უკეთესობისკენ იცვლება. რაც კარგი სიახლეა როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვისაც. მთავარია, ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის თქმით, შეხვედრაზე აპატურაის უთხრეს, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების აქტიური დახმარება და ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა საკვანძო რეფორმებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს ან აჭიანურებს.

“ჩვენ პირდაპირ ვუთხარით აპატურაის, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა საქართველოში პრაქტიკულად შეჩერებულია, პირიქით, ჩვენ გვაქვს ანტიდემოკრატიული ტენდენციების გამოვლინებები. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა აპატურაიმ, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი. ეს არჩევანი არ იცვლება მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებისა, რომ ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს ინტეგრირების სისწრაფის კუთხით. ამასთან, ახლა რა გამოწვევაც გვაქვს, ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების გზაზე შექმნილი დაბრკოლება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და იმის მიუხედავად, რომ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები ვამბობთ, შავით-თეთრზე წერია, რომ უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, სანამ არ მოხდება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელება და კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, „ქართული ოცნება“ ჯიუტად აგრძელებს ამ პროცესს. ამ საკითხზე აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე ვართ როგორც ოპოზიცია, ასევე, მოდერატორები. ერთადერთი მხარე არის “ქართული ოცნება”, რომელიც ახდენს თავის ინტერპრეტირებას იმის, რაც შავით თეთრზე წერია და ამასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ღია საუბარი ჯეიმს აპატურაისთან“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე მყოფი მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით კი, აპატურაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს, განსაკუთრებით თავდაცვის ნაწილში და ხელისუფლებასა და ოპოზიციას აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“ჯეიმს აპატურაის მხრიდან გამოთქმული იქნა დიდი კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ გაატარა ამ წლების განმავლობაში. ასევე დიდი მადლობა გადაგვიხადა ქართველ ხალხს ნატო-ს სახელით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე აღგვითქვა, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველზე ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო, რა თქმა უნდა, გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და დასაჩქარებლად საჭიროა, საქართველომ იმუშავოს თავის პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ შეხვედრაზეც ნათლად ითქვა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. მაგრამ კარს ორი ფუნქცია აქვს. არამხოლოდ გაღების. თუ საქართველო „საშინაო დავალებას“ ზუსტად არ შეასრულებს, შესაძლოა კარის ფუნქციის მეორე პრინციპი ამოქმედდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend