კომუნისტური პარტიის 92 მილიონი წევრისათვის პარტიის 100 წლისთავის მილოცვის შემდეგ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პარტია ქვეყნის არმიაზე სრულ კონტროლს შეინარჩუნებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალები კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია, თანამედროვე ავიამზიდებსა და საჰაერო მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს.
მაო ძედუნის სტილის კიტელში გამოწყობილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა დედაქალაქ პეკინის მთავარ მოედანზე საზეიმოდ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, ჩინელი ლიდერის თქმით პარტია და ერი განუყოფელია.
„ტაივანის საკითხის გადაჭრა და ჩინეთის სრულყოფილი გაერთიანება კომუნისტური პარტიის ისტორიული მისიაა, ეს ჩინელი ერის შვილების ოცნებაა. ყველა, მათ შორის ტაივანელი თანამემამულეებიც უნდა გავერთიანდეთ და საერთო მომავალი ავაშენოთ. ჩვენ გადამჭრელი ზომები უნდა მივიღოთ ტაივანის დამოუკიდებლობის აღსაკვეთად და ეროვნული განახლებისთვის. არავის ეჭვი არ შეეპაროს ჩვენს შესაძლებლობებში, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ეხება“, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი.
დღეს 24 წელი შესრულდა ბრიტანული მხარის მიერ ჰონგ კონგის ჩინური მხარისათვის ოფიციალურად გადაცემიდან. ჰონკ კონგის პოლიციამ ჩაკეტა ვიქტორიას პარკი, სადაც ყოველწლიურად დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით საპროტესტო აქცია იმართებოდა ხოლმე.
პეკინის მიერ მიღებული ახალი საპოლიციო კანონების ფონზე აქტივისტებისა და ჟურნალისტების უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე კი პეკინი და მოსკოვი მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ლიდერმა ჩინელ კოლეგას კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავი მიულოცა.
„მე მსურს, პირადად მოგილოცოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავი. ჩინელი ერი ამ თარიღს ახალი მიღწევებით ხვდება,როგორც ეკონომიკური ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით“, – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
დღევანდელი ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე ზეიმის ბოლო აკორდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მიზანი კი ჩინეთის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში მიღწეულ წარმატებაში საკუთარი როლის ხაზგასმა იყო.