მთავარისაქართველორა უნდა ვიცოდეთ ქვეწარმავლების თაობაზე

რა უნდა ვიცოდეთ ქვეწარმავლების თაობაზე

ზაფხულია, ძალიან ცხელა. ტემპერატურის მატებასთან ერთად მომრავლდნენ ქვეწარმავლები. გველები საცხოვრებელი კორპუსების მახლობლადაც გამოჩნდნენ. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზზე ყოველდღიურად ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით 10 ზარი შედის.

ასეთი შემთხვევებისას ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილი ადგილზე მიდის, რომ გველი დასახლებულ უბანს დააშოროს.

„ჩვენ მას ბუნებრივ არეალში დავაბრუნებთ, თბილისიდან მოშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც მათთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გარემოა“, – ამბობს ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილი. 

რატი მამუკაშვილი საზოგადოებას ურჩევს, გველის დანახვის შემთხვევაში შეჩერდეს და არ მიუახლოვდეს ქვეწარმავალს.

„პირველ რიგში, დისტანცია უნდა დავიცვათ. შემდეგ კი თვალი უნდა ვადევნოთ, რა მიმართულებით წავა ჩვენი ჯგუფის მოსვლამდე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვცადოთ კონკრეტულად ამ გველის დაჭერა, რადგან მან შეიძლება დაგვკბინოს“, – თქვა რატი მამუკაშვილმა.

თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 სახეობის გველია. აქედან შხამიანი მხოლოდ ორი სახეობაა – გიურზა და ცხვირრქოსანი გველგესლა. გველის ნაკბენის შემთხვევაში დაშავებულმა სასწრაფოდ კლინიკას უნდა მიმართოს.

ასევე რეკომენდებულია, რომ დაშავებულმა ან მასთან ერთად მყოფმა პირმა, გველის ფორმა და ფერი დაიმახსოვროს. ეს ექიმებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ გველის სახეობა, რომ მკურნალობა სწორად წარმართონ.

ექიმები ამბობენ, რომ გიურზას კბენის შემთხვევაში, პაციენტებს ანტიგიურზინის შრატი გაუკეთდებათ და პირველადი კომპლექსური მკურნალობა დეზინტოქსიკაციით ჩაუტარდებათ.

თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების უფროსის რჩევით, მიუხედავად იმისა, რომ გველი, გარკვეულ შემთხვევაში საშიშიც არის და მოსაფრთხილებელიც, გველი არ მოვკლათ, რადგან ეს გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ის გველები, რომლებიც არ არიან შხამიანი, პირიქით კონკურენციას უწევენ შხამიან გველებს. ჩვენ თუ ყველა გველს დავხოცავთ, რაც შეგვხვდება, მის მაგივრად შხამიანი გველი მომრავლდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა დავხოცოთ გველები. ეს გველის პრობლემას არ მოხსნის. მაინც გამრავლდება. ვებრძოლოთ მღრღნელებს. გველი მოდის საკვებზე, რადგან სწორედ მღრღნელია მისი საკვები. მღრღნელი თუ არ იქნება და ტერიტორია დასუფთავებული იქნება სამშენებლო ნარჩენებისგან, გველისთვისაც არ იქნება მიმზიდველი ადგილი და იქაურობასაც გაეცლება“, – ამბობს ეგზოტარიუმის განყოფილების უფროსი კონსტანტინე ფხაკაძე.

საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ბალახი მაქსიმალურად გაიკრიჭოს, ეს ქვეწარმავლების მომრავლებას გარკვეულად შეაკავებს. ამასთან ერთად კი, ტერიტორიის შეწამვლა გველების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით შემოგარენს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend