საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. რეგისტრაციისთვის საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები დღეს, პირველ ივლისს დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ. პანდემიის გამო, საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია დაცული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის საგამოცდო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება. გამოცდები დღეს ორ სესიად გაიმართა. პირველ და მეორე სესიაზე აბიტურინტთა 94-94% გამოცხადდა.
9-თვიანი მეცადინეობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დღეს, პირველ ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. გამოცდის შემდეგ აბიტურიენტებმა თავიანთი განწყობისა და მასალის სირთულის შესახებ გვიამბეს.
„ცხრათვიანი მომზადების შემდეგ, იმედია, რომ ეს შრომა პროდუქტიულად ჩაივლის და მოლოდინიც შესაბამისი მაქვს. ნერვიულობა, ბუნებრივია, არის, თუმცა იმდენი არა, რომ ხელი შემიშალოს“;
„კარგად ჩაიარა, რეგულაციები დაცული იყო, დისტანციაც დაცული იყო. რთული არაფერი იყო“;
„რთული გამოცდა არ ყოფილა, საშუალო დონეზე იყო გათვლილი“, – აცხადებენ აბიტურიენტები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პირველ ივლისს კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა, თუმცა ისინი კონკურსს არ გამოეთიშებიან და გამოცდებს უკვე გამოჯანმრთელების შემდეგ დამატებით სესიებზე ჩააბარებენ. საგამოცდო ცენტრში შესვლამდე კი აუცილებელია თერმოსკრინინგი, შიდა სივრცეში ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.
„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, გამოცდებზე ზედმიწევნით არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დაუდასტურდება, ის გამოცდებს არ გამოეთიშება. ასეთი აბიტურიენტებისთვის სპეციალურად ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
„როგორც პირველ სესიაზე, ასევე მეორე სესიაზე დაახლოებით 94% გამოცხადდა, რეგისტრირებული აბიტურინტების. მეორე სესიაზე გვაქვს ორით ნაკლები დაგვიანება. პირველ სესიაზე იყო 4, მეორე სესიაზე ორი დაგვიანება“, – აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება. ხოლო მაგისტრატურის გამოცდაზე გასვლის მსურველებს გამოცდები 27-დან 30 ივლისის პერიოდში ექნებათ.
ანა ალელიშვილი