მთავარისაქართველოცესკო - ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია

ცესკო – ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა

8 წელი თანამდებობაზე. ექვსი საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედური არჩევნები. მღელვარებითა და ხშირად პოლიტიკური უნდობლობით სავსე შეფასებები. საპროტესტო აქციები ცესკოსთან, პარლამენტთან და გადადგომის მოთხოვნები. ეს პროცესები ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უკავშირდება. მან თანამდებობა 30 ივნისს დატოვა და ამის შესახებ საზოგადოებას ფეისბუქ პოსტიდან აცნობა. ჟვანიას თქმით, გატარებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომდევნო არჩევნები ჯობს ახალმა თავმჯდომარემ ჩაატაროს, რომლის მიმართაც პოლიტიკური კონსენსუსი შედგება.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო ორგანიზაციაში“, – წერს თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, საარჩევნო უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, რომ თავმჯდომარის თანამდებობის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს. მთავარი საარჩევნო უწყება კი ამ გამოწვევასაც გაუძლებს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

თამარ ჟვანიას ცესკო-ს თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, ჟვანიას ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო, რადგან მის მიერ ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო.

„თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს. არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ, კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და იყოს ისეთი პიროვნება წარმოდგენილი, რომელსაც ექნება სათანადო რეპუტაციაც, იქნება დამოუკიდებელი, ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა თავმჯდომარისთვის, ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება, ასეთ კანდიდატს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რაც მათთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, თამარ ჟვანიას ამ ნაბიჯს მიესალმებიან და ამბობენ, რომ ახალი საარჩევნო რეფორმა სხვა რეალობას მოიტანს.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ასევე, არ შემიძლია, იმ ცრუ, არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც მძიმე დარტყმის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა, სწორად და გამართულად ეფუნქციონირა, რაც დასაფასებელია“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხელ სარჯველაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 3 კვირის განმავლობაში უნდა აირჩიოს, რისთვისაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. თუ კანდიდატი 100 ხმას მიიღებს, ის 5 წლის ვადით იქნება არჩეული. პროცესში გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩართვაც.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend