მთავარი ევროპა რუსეთი რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

სამშაბათს კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გარდაიცვალა 652 ადამიანი.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 121 ადამიანია გარდაცვლილი, 119 კი – მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, პეტერბურგში, სადაც პარასკევს ევრო 2020-ს მეოთხედფინალური მატჩი უნდა გაიმართოს შვეიცარიისა და ესპანეთს შორის.

პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლოს რეკორდული მაჩვენებელი რუსეთში დეკემბერში, ვირუსის მეორე ტალღის დროს, დაფიქსირდა.

რუსეთში, სადაც ჯამში 134 545 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო კვირების განმავლობაში დელტა ვარიანტი გავრცელდა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე მთავრობა კვლავ აწესებს შეზღუდვებს.

მოსკოვში, ევრო 2020-ის გულშემატკივართა ზონა დაიხურა, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტები დაიხურა. რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დასაძლევად, რუსეთის მთავრობამ ვაქცინის დამატებითი დოზის მიღების ნებართვა გასცა.

აცრილ მოსახლეობას ვაქცინის გაკეთება 6 თვეში შეეძლება. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს 6 თვის შემდეგ ვაქცინაციის აუცილებლობის დამადასტურებელი მონაცემები არ წარუდგენია.

„რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ნება დავრთეთ მოსახლეობას, რომ დაინფიცირებიდან ან ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ვაქცინის დამატებითი დოზა გაიკეთოს. კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ კი ვაქცინაციას წელიწადში ერთხელ ჩაიტარებენ“, – განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.

რუსეთის 146 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 15 პროცენტმა მიიღო ერთი დოზა. ევროკავშირში ერთი დოზით მოსახლეობის 50 პროცენტია აცრილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 53 პროცენტი, დიდ ბრიტანეთში კი – 65 პროცენტი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend