მთავარიმსოფლიოევროპავაქცინაციის სტრატეგია ევროპაში

ვაქცინაციის სტრატეგია ევროპაში

ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. როგორც ჩანს, ევროკავშირი მიჰყვება გეგმას, რომელიც ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ევროკავშირის მოსახლეობის 58%-მა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა. თუმცა ციფრები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად,  მალტასა და ბელგიაში მოსახლეობის 71%-მა უკვე მიიღო  ვაქცინის პირველი დოზა, ბულგარეთში კი ეს რაოდენობა 16%-მდე ეცემა.

ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ასაკობრივი სტრატეგიით დაიწყო. პირველ რიგში, ისინი ყველაზე დაუცველ ჯგუფებს ცრიდნენ.


ექსპერტ ედოარდო კოლზანის განცხადებით, არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ერთნაირად იმუშავებს ნებისმიერ ვითარებასა თუ ადგილას. მისი თქმით, ყოველ სტრატეგიაში გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული მდგომარეობა, ვაქცინების მიწოდების საკითხი, ის მოსახლეობა, რომელიც საფრთხის წინაშეა და, რაც მთავარია, დაავადების ეპიდემიოლოგიური ვითარება მოცემულ მომენტში.

[br]პორტუგალია, ესპანეთი და ირლანდია ის ევროპული ქვეყნებია, რომლებშიც ვაქცინა 18 წელს გადაცილებული ყველა პირისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ევროკავშირისთვის შემდეგი ნაბიჯი მოზარდების აცრა იქნება. „ფაიზერი“ კი ერთადაერთი ვაქცინაა, რომელიც ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის დაამტკიცა. ექსპერტები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის „მოდერნას“ ვაქცინასაც იკვლევენ.

იმუნოლოგი სოფი ლუკასი აღნიშნავს, რომ მოზარდები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ვაქცინებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ვაქცინების გამოცდა. მას მიაჩნია, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა შეირჩეს სწორი დოზა, რათა  ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს როგორც 12 წლამდე, ისე 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის.

მოზარდები არ შედიან დაუცველ ჯგუფებში, თუმცა მათ ვაქცინაციას ბევრი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს.

სოფი ლუკასის განცხადებით, ბავშვებში ინდივიდუალურის გარდა, არსებობს კოლექტიური უპირატესობებიც. აშკარაა, რომ ვაქცინა ამცირებს დაავადების გადაცემის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა,  რომ მოზარდებში დაავადება არ რთულდება, შესაძლოა, ისინი ვირუსის გადამტანი იყვნენ. ბავშვებში ინფექციის გადატანის  პრობლემის მოგვარება კი მთელი საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო.

გერმანიაში, რუმინეთში, იტალიაში, საფრანგეთსა თუ ესტონეთში ვაქცინა 12 წლის ასაკის ზემოთ ყველა მოზარდისთვისაა ხელმისაწვდომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend