მთავარისაქართველოშეჩერდება თუ არა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი

შეჩერდება თუ არა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი

სასამართლო რეფორმის "პოლიტიკური წახნაგები"

იმისათვის, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს საქართველო, აუცილებლად უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, ოღონდ რეალურად და არა ფასადურად. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამ შინაარსით უკვე პირდაპირ საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტის პრაქტიკაში გატარებისკენ მოუწოდებს. ამ ტექსტის მიხედვით კი სასამართლო რეფორმის რეალურად განხორციელებისთვის, პირველ რიგში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.

„უკვე 25 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ეხმარებიან საქართველოს, რომ დაიხვეწოს სასამართლო სისტემა. ეს იმიტომ, რომ კანონის უზენაესობა და ძლიერი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე ქართველი პოლიტიკოსებიც შეთანხმდნენ. სწორედ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთგვარი გზამკვლევი, რომ ეს შედეგი მიღწეულ იქნას. ის გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერებას იქამდე, სანამ არ გაიმართება ფართო და ინკლუზიური განხილვები და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს სასამართლო სისტემა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისთვის. სწორედ ამის გამო, ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს დებატები, ეს კონსულტაციები გაიმართება სამუშაო ჯგუფებში და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს“- აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

კელი დეგნანის ამ პირდაპირ მოწოდებას უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. მისი თქმით, საბჭო მზად არის შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საკითხზე იმსჯელონ. მისივე თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სასამართლო სისტემაში კრიზისი შეიქმნება.

„მივესალმებით ამერიკის ელჩის განცხადებას. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ, რომ შევხვდეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტში არჩევის პროცესის შეჩერებას, ჩვენი პოზიციაა, რომ დიდი ხნით არ უნდა შეჩერდეს ეს პროცედურები, რადგანაც უზენაესი სასამართლო საჭიროებს მოსამართლეების დანიშვნას. ნებისმიერი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში არის გლობალურად სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევა, თუმცა ახლა კონკრეტულად ერევა თუ არა ვინმე, ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების 9 კანდიდატურა უკვე შეარჩია. მმართველი გუნდი ამბობს რომ მათთან გასაუბრების შემდეგ,  პარლამენტი დანიშვნის ან არ დანიშვნის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მოსამართლეებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან ეჭვები და კითხვები არსებობს – პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნების“ გუნდი, ამას საპარლამენტო განხილვები აჩვენებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend