ოქსფორდის უნივერსიტეტში დაფუძნებულმა მეცნიერთა გუნდმა, რომელიც კონკრეტულად ორი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინების კომბინირებაზე მუშაობს, დაასკვნა, რომ თუ ადამიანი პირველ და მეორე დოზას სხვადასხვა ვაქცინით მიიღებს, მისი ეფექტიანობა ისეთივე მაღალი იქნება, როგორიც ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის ორმაგი დოზის მიღების შემთხვევაში.
მეცნიერების კვლევა კონკრეტულად ეხება „ფაიზერ/ბიონტექისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების კომბინაციას.
კვლევამ აჩვენა, რომ იმუნური პასუხები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო ვაქცინების თანმიმდევრობის მიხედვით. იმ ადამიანს, რომელმაც პირველი დოზით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო, მეორე კი „ფაიზერისა“, უკეთესი შედეგი ჰქონდა.
მეცნიერები ასკვნიან, რომ სხვადასხვა ვაქცინის შერევა ეფექტიანია დელტა შტამის წინააღმდეგაც. კვლევაში მონაწილეობას 50 წელს გადაცილებული 850 მოხალისე იღებდა.
პირველი და მეორე დოზებით ვაქცინაციებს შორის ინტერვალი 4 კვირა იყო. ამჟამად მუშაობენ 12-კვირიანი შუალედის შედეგებზე. კვლევის წინასწარი შედეგები სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.
ზოგიერთი ქვეყანა, უკვე იყენებს შერევის მეთოდს. მაგალითად, ესპანეთი და გერმანია ახალგაზრდებს „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის შემდეგ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მეორე დოზას სთავაზობენ არა ეფექტიანობის ასამაღლებლად, არამედ სისხლის შედედების რისკების შესამცირებლად.
იმათ შორის, ვინც ორი განსხვავებული ვაქცინით აიცრა, იყო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ „მოდერნას“ ვაქცინის დოზა მიიღო.