მთავარი საქართველო ნინოწმინდის პანსიონის მომავალზე საპატრიარქოში ისაუბრეს

ნინოწმინდის პანსიონის მომავალზე საპატრიარქოში ისაუბრეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენები და ბავშვთა სახლის სამომავლო ბედი – სწორედ ეს იყო ის საკითხები, რომლებზეც საპატრიარქოში ისაუბრეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში და UNICEF-ის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოში არსებობს.

„საპატრიარქოში შეხვედრაზე განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს. ჩვენ, ყველა, ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა, ბავშვების გადაყვანა საკუთარ ოჯახებში და ამ პროცესს სჭირდება გაცილებით მეტი ხელშეწყობა და ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყო საკმაოდ მაღალ დონე“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშთა სახლები აშენდება. თუმცა, როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში ამაში მონაწილეობის მიღება, ამ ფორმირებაში ახალი ბავშვთა სახლებისა, გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. დახურვაზე და ვადებზე საუბარი არ არის. საუბარი იმაზე იყო, რომ არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება“, – აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. იქამდე კი 2 ივნისს მან განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით. გრძელდება პანსიონში დარჩენილი ბავშვების მონიტორინგი. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალობის დონეს, შექმნილი ვითარების გარშემო, რაც აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენ განვიხილავდით თუ რა იქნება სამომავლო ნაბიჯები ახლა, იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფოკუსი შენარჩუნებულია“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში კი მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების საკუთარ, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში გადანაწილება, როგორიც არის, მაგალითად, მინდობით აღზრდა.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ბავშვების ინტერესი ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ბავშვების მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდნენ და თუკი ეს არ მოხერხდება, ჩვენ მათი გაშვილება უნდა განვიხილოთ. მხოლოდ ბოლო ზომად  მათი მცირე ზომის ბავშვთა სახლში გადაყვანა განიხილება. მცირე ზომის ბავშვთა სახლები უნდა იყოს მართლაც უკიდურესი ზომა, რომელსაც გამოვიყენებთ. და ეს განიხილება როგორც გარდამავალი პროცესი, რათა საბოლოო ჯამში, ეს ბავშვები ოჯახებში გაიზარდონ და განვითარდნენ“, – განაცხადა UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ემი ქლენსიმ.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 15 არასრულწლოვანი რჩება. როდის დატოვებენ ისინი პანსიონს და სად გადანაწილდებიან, ჯერჯერობით უცნობია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ნინოწმინდის პანსიონინინოწმინდის პანსიონი

Send this to a friend