ორშაბათს უკრაინა და NATO შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს იწყებენ, რომლებშიც ათობით სამხედრო გემი და თვითმფრინავი იქნება ჩართული.
წვრთნები გასულ კვირაში ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებულ ინციდენტს უკავშირდება. რუსული მხარის ინფორმაციით გემი კანონის საწინააღმდეგოდ ყირიმის მახლობლად გადაადგილდებოდა, რასაც რუსეთმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კი რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და იუწყება, რომ გემი საქართველოში მოდიოდა.
სამხედრო მზადებებში, რომელიც ორშაბათს იწყება და ორ კვირას გაგრძელდება, უკრაინისა და ნატოს 30 სამხედრო გემი და 40 თვითმფრინავი მონაწილეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის მეთაური ალექსეი ნეიჟპაპა ამბობს, რომ წვრთნების მიზანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„ეს წვრთნები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაიმართება, ხუთ კონტინენტს გააერთიანებს“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის მეთაურმა.
რუსულმა სამხედროებმა კი წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში დაიწყეს. მასში თანამედროვე ჰიპერხმოვანი რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. წვრთნების მიზანი წარმოსახვითი მტრის თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების წინააღმდეგ ბრძოლის დახვეწა იყო.