მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მასობრივი წარმოება ისევ განახლდეს? ბლოკის წევრი სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, ბულგარეთი და რუმინეთი ბირთვულ ენერგიაში დიდი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს… ხოლო ავსტრიისა და გერმანიის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ კლიმატის კრიზისიდან გამოსავალი არის არა ბირთვული, არამედ განახლებადი ენერგია.
მაინც როგორ შეიძლება დაეხმაროს ბირთვული ენერგია ევროკავშირს, რომ გარემოში ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს?
რუმინეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ქვანახშირის ენერგიას იყენებენ, ევროკავშირის კლიმატური მიზნების შესრულება უჭირთ. ქვეყანის წინაშე დგას გამოწვევა – შეუძლია თუ არა რუმინეთს, თავისი ენერგობალანსი უფრო ეკოლოგიური გახადოს, თუ ბირთვული ენერგიის წილს გაზრდის?
კომუნისტური წყობის დროს რუმინეთმა ორი ბირთვული ელექტროსადგური ააშენა, ორივე დუნაისპირა პატარა ქალაქ ჩერნავოდეში.
ეს სადგურები კანადური ტექნოლოგიით აიგო, ამიტომ სრულიად განსხვავდება საბჭოური ტექნოლოგიით აგებული ჩერნობილისგან, რომელმაც კატასტროფა განიცადა. ახლა რუმინეთს ორი რეაქტორის დამატება და ძველი რეაქტორების განახლება სურს, რაც ექვსი მილიარდი ევრო დაჯდება. ასე ამბობს კომპანია Nuclearelectrica-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და ევროპაში ბირთვული ენერგიის ლობისტი ორგანიზაციის FORATOM-ის პრეზიდენტი.
ევროკომისია აპირებს, განსაზღვროს, თუ რამდენად ეკოლოგიურია სხვადასხვა ტიპის ენერგორესურსი და სამომავლოდ ინვესტიციები იმ ენერგიის განვითარებაში ჩადოს, რომელიც ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს.
ისმება კითხვა: როგორ აპირებს თქვენი ქვეყანა შეასრულოს ის კლიმატური მიზნები, რომლებსაც ხელი პარიზში მოაწერა?
კომპანია NUCLEARELECTRICA-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თეოდორ კირიკა თვლის, რომ ამ მიზნების შესრულებას განახლებადი ენერგოსექტორის განვითარების პარალელურად ბირთვული ენერგიის პროგრამის გაგარძელებაც დასჭირდება. „ბირთვული ენერგიის გარეშე ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია“, – ამბობს თეოდორი. „დღეს 18-დან 20 პროცენტამდე ბირთვული ენერგიის წილზე ვსაუბრობთ. თუ არსებულ ტენდენციას გავაგრძელებთ, 2050 წლისთვის სავსებით შესაძლებელია, რომ ბირთვული ენერგიის წილი 30-35 პროცენტიც კი იყოს.“
რაც შეეხება დღეს ევროპაში მიმდინარე დებატებს, უნდა ჩაითვალოს თუ არა ბირთვული ენერგია მწვანე ენერგიად, კომპანია NUCLEARELECTRICA-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ბირთვული ენერგია უნდა განვითარდეს იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება დებატები.
კომპანია NUCLEARELECTRICA-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თეოდორ კირიკა:
„ერთი პოზიცია პოლიტიკურ იდეოლოგიას ეფუძნება, მეორე კი – მეცნიერულს. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ვგულისხმობ, თუ ტაქსონომიამ არ გაითვალისწინა ბირთვული ენერგია, არ ნიშნავს, რომ ის აღარ უნდა ავაშენოთ…პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კონკურენტებისაგან განსხვავებით, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება საკმარის ფინანსებზე, რამაც შეიძლება პროექტის ეკონომიკური ნაწილი დააზარალოს.“
რუმინეთის ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგე მცირე მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი კი თვლის, რომ საჯარო ფინანსების ბირთვულ ენერგიაში ინვესტირება უარყოფითად აისახება განახლებადი ენერგიის განვითარებაზე.
ორგანიზაცია TERRA MILENIUL III-ის პრეზიდენტი ლავინია ანდრეი:
“თუ ამ ფულს ბირთვულ ენერგიაში ჩადებ, ეს ნიშნავს, რომ სხვა სექტორები, მათ შორის განახლებადი ენერგია, არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ელექტროენერგიის გადამცემი კომპანია ამბობს, რომ ელექტროქსელის სიმძლავრე არ არის საკმარისი ორივე ბირთვული და განახლებადი ენერგიისთვის.“
აქ სხვა პრობლემაც ჩნდება: კლიმატური ცვლილების გამო მდინარეებში წყლის დონემ იკლო, არადა, ბირთვულ ელსადგურს რეაქტორის გასაგრილებლად წყალი სჭირდება. ეს პრობლემა დუნაისაც დაეტყო და ჩერნავოდე იძულებული გახდა, ერთ ზაფხულს ელექტროენერგიის წარმოება შეეწყვიტა. ეს სცენარი შესაძლოა მომავალში გამეორდეს.
აჯიგიოლი ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ქარის ელექტროსადგურებს ესაზღვრება. ამ ქარის ელსადგურის მფლობელი იტალიური ენერგოკომპანია ENEL-ი.
შეჯიბრი, თუ ვინ მოიპოვებს ყველაზე დიდ წილს რუმინეთის ქარის განახლებადი ენერგიის სექტორში, გრძელდება.
ელექტროენერგიის სექტორში ინვესტიციები სტაბილურ საკანონმდებლო ჩარჩოზეა დამოკიდებული. რამდენიმე წლის წინ რუმინეთმა განახლებადი ენერგიის განვითარება ე.წ. „მწვანე სერტიფიკატით“ წაახალისა. მაგრამ ეს სქემა შეჩერდა – და ინვესტორები გავიდნენ. მხოლოდ ორიოდე დიდი ინვესტორი დარჩა, მათ შორის ენელიც ENEL.
ამ ქარის 133 ტურბინის მეთვალყურე ENEL-ის ქარის ელექტროსადგურის DOBROGEA-ს ტექნიკური მეთვალყურე სორინ ზამფირი, რომელსაც ქარის 133 ტურბინა აბარია თავის სამქეზეა შეყვარებული.
ENEL-ის ქარის ელექტროსადგურის DOBROGEA-ს ტექნიკური მეთვალყურე სორინ ზამფირი:
„ქარის ენერგიის ათვისება უახლეს თანამედროვე ტექნოლოგიებს მოითხოვს და ამან მომხიბლა, როგორც პროფესიონალი გამოწვევამ დამაინტერესა. რაც შეეხება ადგილობრივ საზოგადოებას, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის ახალი ტექნოლოგიის მიწოდება, რადგან ასე უფრო ახლოს ვიგრძნობთ თავს ევროპასთან, ევროპის რუკაზე მოვინიშნებით.“
ეჭვგარეშეა, რომ რუმინეთის ქარის ენერგიის პოტენციალი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. გაცილებით მეტი ტურბინის დადგმა შეიძლება.
სორინ ზამფირი, ENEL-ის ქარის ელექტროსადგურის DOBROGEA-ს ტექნიკური მეთვალყურე:
„კლასიკური, წიაღისეული ენერგოწყაროები შეზღუდულია და გარემოს აბინძურებს. ქარის ენერგია კი იაფი და ეფექტიანია. ამ სექტორში ქარის ელექტროსადგურების აშენების დიდი პოტენციალი გვაქვს. და არა მხოლოდ ამ ადგილებში. რუმინეთში შესაძლებელია, ეს ტექნოლოგია ისე განვითარდეს, რომ ქვეყნის ენერგომოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.“
რუმინეთი მზიანი ქვეყანაა – და მზის ენერგიას ქვეყნის ენერგობალანსში უფრო დიდი წილის დაკავება შეუძლია. ჩვენ შევხვდით რუმინეთის პირველი 100 პროცენტით მწვანე ენერგიის მიმწოდებელი კოოპერატივის საბჭოს წევრს. ამ პატარა კოოპერატივს ამბიციური გეგმები აქვს.
იგი მზის ენერგიის უზარმაზარ პოტენციალზე საუბრობს, როგორიცაა, მაგალითად, მილიონ 500 ათას კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საწყობის სახურავზე მზის პანელების განთავსება. იგი ჩივის, რომ მთავრობა ხელს ნაკლებად უწყობს, რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელი კი გაუმართავია.
ანდრეი ბუკური, კოოპერატივ DE ENERGIE-ის საბჭოს არჩეული წევრი:
„ჩემი აზრით, რუმინეთი დალოცვილი ქვეყანაა, რადგან ბევრგან კარგი მზე და ქარია. რუმინეთში შეგვიძლია, განახლებადი ენერგიის წარმოება, სულ მცირე, გავაორმაგოთ მაინც… აი, მაგალითად, ეს მზის ელსადგური რომ გააკეთო, ის გადამცემი ხაზების ქსელს უნდა შეუერთო, ამის გარეშე მზის სადგურის გაკეთებას აზრი არ აქვს.“
ჩერნავოდეში ბირთვულ სადგურში კი ცვლის ზედამხედველი კოსტინ ანტონი სილვიოსა და კატალინს სიმულაციურ მართვის პულტთან წვრთნას უტარებს.
წვრთნებზე მიწისძვრების, წყლის გამაგრილებელი სისტემების ავარიის ან ყოველდღიური საწვავის მიწოდების ოპერაციების სიმულირება ხდება.
სახლისკენ მიმავალი კოსტინი ისევ ელექტრობაზე ფიქრობს: როგორ უნდა მიიღოს რუმინეთმა ელექტროდენი ან როგორი უნდა იყოს იდეალური ენერგობალანსი?
კოსტინ ანტონი, ჩერნავოდეს ბირთვული ელსადგურის ცვლის ზედამხედველი:
„პირველი ელემენტი არის ბირთვული ენერგია, ეს არის ბაზისი, რადგან ყოველთვის ხელმისაწვდომია, მერე მოდის განახლებადი ენერგიის წყაროები. რუმინეთში გვაქვს განახლებადი წყაროები, ეს უნდა შევინარჩუნოთ და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ამ სფეროში. მაგრამ ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ეს დანაკლისი ბირთვულმა ენერგიამ უნდა შეავსოს.“
კოსტინი ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს მხოლოდ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად არ განიხილავს. ამ საკითხებზე თავის 12 წლის გოგონა ბიანკასთანაც საუბრობს და უხსნის. თუ რატომ არის ბირთვული ენერგია მნიშვნელოვანი.
„ როგორც იცი, კლიმატი იცვლება, ამინდი წლიდან წლამდე უფრო თბილი ხდება და ჩვენ რაღაც უნდა ვიღონოთ. ბირთვული ენერგია, რომელიც აქ გვაქვს და რომელსაც ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაა,“ – უხსნის კოსტინი ქალიშვილს.
როდესაც საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ენერგორესურსების არჩევანს ეხება, ევროკომისიამ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. თუმცა მიენიჭება თუ არა ბირთვულ ენერგიას მწვანე ენერგიის სტატუსი, ეს მომავალში ინვესტიციებზე დიდ გავლენას მოახდენს.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი