საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წლიური ანგარიშის წარდგენა გლობალურ პანდემიაზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით გასული ერთი წელი განსაკუთრებული სირთულეებისა და გამოწვევების წელი იყო, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე მძიმედ აისახა. შემდეგ კი მან განიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხები.
“ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მათ შორის ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთის საკითხზე. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამასთან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სწორად ვერ მართა ვაქცინაციის პროცესი და ვირუსის ახალი შტამების გავრცელების ფონზე, ვაქცინის დოზები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის.
[br]”საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ თანამდებობიდან გადააყენა და თავად ივანიშვილი ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი თავი ამოწურა და მეტი ვერაფერი ვერ გააკეთა. ამიტომ მასაც, როგორც მაღალი თანამდებობის პირს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე”,- ამბობს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია- “ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
“ერთი კითხვა გამიჩნდა, სად გადის ტყუილისა და ცინიზმის ზღვარი. თქვენ მართლა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ,სადაც ასე კარგად არის ყველაფერი? ვალები დაგვადეს, ვალით ყიდულობს ხალხი საჭმელს,წამალს. უამრავი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე შუალედში”,- განაცხადა პარტია “სტრატეგია აღამაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ, სხდომა დეპუტატებსა და პრემიერ-მინისტრს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მარიამ ქუხილავა