მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს 95-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა

რამდენიმეთვიანი განხილვისა და  ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ამ რადიკალურ ცვლილებებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნამდე დაიწყო. პარტიებმა „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“ ცვლილებაზე მუშაობა თებერვალში დაიწყეს. შემდგომ განხილვებში ეტაპოვრივად სხვა პარტიებიც ჩაერთვნენ. თუმცა საბოლოო მხარდაჭერა საარჩევნო რეფორმამ მხოლოდ 95 დეპუტატისგან მიიღო. ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუჭირა მხარი რეფორმის შემოთავაზებულ ვერსიას.

„მიუხედავად იმისა, რომ არის საკითხები ამ ცვლილებებში, რომელსაც არ ვეთანხმებით, განსაკუთრებით ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქცია დავუჭერთ მხარს ამ საკანონმდებლო პაკეტს. ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ჩადებულია ამ კოდექსში, არის დიდი ბრძოლის შედეგი, რომელსაც მოჰყვა შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმება და შეთანხმება. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც მესამე მოსმენამდე უნდა დაზუსტდეს და იმედია ამაზე იქნება სამუშაო პროცესი“, – აღნიშნა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 
მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს, თუმცა წინააღმდეგი არ წასულან ფრაქციები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“. პარლამენტის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციები თავშეკავების მიზეზად ტექნიკური საკითხების შეუთანხმებლობას ასახელებენ. თუმცა, საარჩევნო რეფორმის პროგრესს ცალსახად აღიარებენ.

[br]“მაგალითად, არ არის მიღწეული ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის ბოლომდე გამჭვირვალე და დამზღვევი მექანიზმი. პრობლემად რჩება კონსენსუსის არარსებობა 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ ახალი მექანიზმი საკონსულტაციო ჯგუფის სახით უფრო ფორმალური ხასიათისაა, ვიდრე არსებითი ძლიერი დასაყრდენი მექანიზმი. პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან ცუდი ნაბიჯი. ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა პროცესი დააზიანა. ამიტომ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებას მხარს არ ვუჭერთ, თუმცა არც წინააღმდეგ მივდივართ. ვინარჩუნებთ ნეიტრალურ პოზიციას, რადგან ვხედავთ პროგრესს. წინა კანონმდებლობას ეს ვერსია ნამდვილად აჯობებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველი პარტიის დეპუტატები საარჩევნო ცვლილებებს საქართველოს დემოკრატიული წინსვლის ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად მიიჩნევენ. ოპოზიციას კი კვლავ მეტი კონსტრუქციოლობისა და გონიერებისკენ მოუწოდებენ.

„პროცესი, რომელიც დაიწყო თებერვალში და კანონპროექტის განხილვით გრძელდება იყო საინტერესო, მას შემდეგ რაც ამას შემოუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე პარტიებიც, შევიძინეთ თანამშრომლობის, კომპრომისების და შეთანხმების გამოცდილება. ეს 21 პუნქტი ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს. ჩვენ ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის, ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

საბოლოო შეთანხმებით საარჩევნო კანონმდებლობაში 21 საკითხი იცვლება. მთავარი რაც ძირეულ სიახლეს წარმოადგენს ცესკოს სამივე დონის – ადმინისტრაციის, საოლქო და საუბნო კომისიების 17 წევრით დაკომპლექტებაა. საიდანაც 8 პროფესიული, 9 კი პარტიული ნიშნით შეირჩევა. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. შემოდის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ წესები. 100 მეტრის მანძილზე იკრძალება ამომრჩევლის აგიტაცია და გადაადგილების შეზღუდვა. უბნების 10%-ზე სატესტოდ ინერგება ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და ამომრჩევლის სახის ამომცნობი ტექნოლოგია.

მესამე მოსმენით კანონპროექტს პარლამენტი მომდევნო კვირაში რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend