მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი რაჭას ეწვია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი რაჭას ეწვია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. 24 ივნისს ელჩი რაჭას ესტუმრა და მოინახულა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის, აგრეთვე ბიზნესის განვითარების სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების განხორციელების გზით. საგრანტო პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

 

საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ 11 მუნიციპალიტეტს (ვანი, საჩხერე, ტყიბული, სამტრედია, ბაღდათი, ცაგერი, საგარეჯო, თელავი, ახმეტა, ოზურგეთი და ჩოხატაური) 5 მილიონი ლარის გრანტები გადასცა. ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება.

,,მე ვიმყოფები ამბროლაურში და ცოტა ხნის წინ ვსტუმრობდი კომპანია Geoflower-ს. ეს კომპანია დიდი ხანია არსებობს და აწარმოებს ჩირს, სამკურნალო მცენარეებს და სხვადასხვა სახეობის ჩაის. რაც ყველაზე საინტერესო და საგულისხმოა, ეს კომპანია ნამდვილად წარმატებულია. საწარმოში, განსაკუთრებით სეზონური სამუშაოების დროს, დასაქმებულია ბევრი ადამიანი. კომპანიის ნაწარმი მოთხოვნადია ევროკავშირში. ამიტომ კომპანია საკუთარ ნაწარმს აგზავნის როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, რაც მეტყველებს პროდუქციის იმ მაღალ ხარისხზე, რომელიც მან შეინარჩუნა და რომლითაც საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ბაზრის პრემიუმ სეგმენტში. რაჭა უდავოდ ძალიან ლამაზი რეგიონია. დიდი აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურაზე, მის ხელმისაწვდომობაზე, აგრეთვე ტურიზმზე, რომელსაც აქ ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. სამოქალაქო საზოგადოებასთან გასაუბრებამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა მოსაზრებები რეგიონის განვითარებაში არსებული გამოწვევების, აგრეთვე ახალგაზრდების იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა რეგიონში დარჩეს”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მიზნობრივ რეგიონებში ინვესტიციების და დასაქმების ზრდას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend