მთავარიმსოფლიოშავი ზღვის გეოპოლიტიკა

შავი ზღვის გეოპოლიტიკა

სამხედრო გავლენა და საპორტო ინფრასტრუქტურა

ნატოს უკანასკნელ, რიგით 31 – ე სამიტზე სხვა მრავალ საკითხთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგიაზეც ისაუბრეს.

შავი ზღვის რეგიონი ნატოს მზარდი ყურადღების ქვეშ უმიზეზოდ არ იმყოფება, მაგალითად –  გუშინ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების ხომალდებმა ოდესიდან საქართველოსკენ მომავალ ბრიტანულ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური, ლორდ რიჩარდ დანატი აცხადებს, რომ დასავლეთი საერთაშორისო კანონმდებლობას დაიცავს და კონფრონტაციულად განწყობილმა საერთაშორისო აქტორებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

“ჩვენ რუსებსა და ჩინელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვინც დასავლეთთან კონფრონტაციის გზას აირჩევს დასავლეთისგან მკაფიო პასუხს მიიღებს. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ საერთაშორისო კანონმდებლობას დავიცავთ. საინტერესოა რა რეაქცია ექნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფლოტს, როდესაც ბრიტანული ფლოტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ან ტაივანის სრუტეში შევა”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური ლორდი რიჩარდ დანატი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი კი ამბობს, რომ რუსული სამხედრო ფლოტი, აგრესორებს კუდით ქვას ასროლინებს.

“ის ვინც ჩვენი შესაძლებლობების გამოცდას გადაწყვეტს, დიდ რისკზე მიდის. მე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ფლოტს ვურჩევდი, მისი ხომალდის სახელი დამცველი, აგრესორად გადააკეთოს. ეს სახელი უფრო შესაფერისია. ჩვენ აგრესორებს კუდით ქვას ვასროლინებთ”,  – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის რეგიონი საერთაშორისო აქტორების ყურადღების ქვეშ უფრო მეტად ექცევა.

რუსეთის ორი მეზობელი სახელმწიფოს შავი ზღვის მოსაზღვრე ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და ანექსირებული. ეს თავისთავად ზრდის შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოტენციალს.

თვის დასაწყისში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბოსფორის სრუტეში ახალი სტამბოლის არხისთვის საფუძვლის ჩაყრის შესახებ განაცხადა.

ახალი არხი სიგრძეში 45 კილომეტრი, სიღრმეში კი 35 მეტრი იქნება.

დიდი ალბათობით ეს არხი 1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენციით შექმნილ სტატუს-კვოს შეცვლის.

შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები გახლავთ რუსეთის ფედერაცია, საქართველო, თურქეთის რესპუბლიკა, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა. ყველა ამ სახელმწიფოს, საქართველოს გამოკლებით, ღრმაწყლოვანი პორტი აქვს.

რაც შეეხება შავი ზღვის გეოპოლიტიკურ გადანაწილებას, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს ნატოს წევრი სახელმწიფოები აკონტროლებენ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების უმეტეს ნაწილს კი ანექსიისა და ოკუპაციის დამსახურებით რუსეთის ფედერაცია.

შავი ზღვის რეგიონის მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოს ხელში კიდევ ერთი ბერკეტია ნატოში გაწევრიანების გზაზე.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend