მთავარისაქართველოკომპიუტერული თამაშების სარგებელი და საფრთხე

კომპიუტერული თამაშების სარგებელი და საფრთხე

პერსონაჟის შერჩევა, ძლიერი დარტყმები, ბრძოლა და გამარჯვება. ეს არც საბრძოლო ველია და არც სპორტული მოედანი. ეს ვირტუალური სამყაროა, სადაც გამარჯვების სურვილი ბევრ მოთამაშეს ეკრანების წინ ტოვებს.

თორნიკე ანდრიაძემ კომპიუტერული თამაშები სკოლის ასაკში დაიწყო. მალე გატაცება, მისი შემოსავლის წყარო გახდა და 15 წლისამ საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.

„იმ დროისთვის პროფესიონალ მოთამაშედ ვითვლებოდი იმიტომ, რომ ვთამაშობდი გუნდში. მათთან ერთად ტურნირებს ვიგებდი ხოლმე. ტურნირებიდან საპრიზო ფონდი შემოგვდიოდა. რა თქმა უნდა, ამ თანხას გვინაწილებდნენ ხოლმე ორგანიზატორები. დამატებით ხელფასი გვქონდა. პირველი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მქონდა იყო პროფესიონალი მოთამაშე“, – ამბობს თორნიკე ანდრიაძე.

ლუკა კარიაული არასრულწლოვანია. ამბობს, რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ანუ გეიმინგმა. მას ბევრი სიკეთე მოუტანა. ინტერნეტში თამაშისას და სხვა გეიმერებთან მუდმივი საუბრისას ინგლისური უკეთ ისწავლა.

„უბრალოდ ხალხს ვუსმენდი, როგორ ლაპარაკობდნენ. თუ რამე სიტყვა არ მესმოდა, უბრალოდ ვწერდი ინგლისურად და მპასუხობდნენ. სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანებთან ინგლისურად საუბარი, ძალიან ბევრ რამეში მეხმარება – მათი კულტურის გაგებაში, აქცენტებით შემიძლია ხალხი ვიცნო. და, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნაში. ნუ კი სკოლაში ნასწავლი ინგლისური მეხმარება, მაგრამ ძირითად თამაშებით მაქვს ნასწავლი“, – თქვა ლუკამ ევრონიუსთან საუბარში.

გეიმინგის შესაძლო უარყოფით გავლენებზე საუბრობს ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე. მისი თქმით, ერთ პოზაში ჯდომა და გართობა მოზარდებისთვის მიმზიდველია.

ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი არ არის, მაგრამ თამაშების არასწორად მოხმარების შემთხვევაში საფრთხე იზრდება.

„ეს მომხიბვლელობა, ძალიან რთული ხდება ბავშვისთვის, თუნდაც მოზარდისთვის, ხშირ შემთხვევაში კი ზრდასრულისთვისაც კი, იმის გაკონტროლება თუ რამდენი ხანი არის ამ თამაშში ჩართული. ამიტომ აუცილებელია, რომ დაბალანსდეს სხვა რეალურ ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული უნარებიც კი გამომუშავებული იმისა, რომ რეალურ ცხოვრებას, რეალურ ურთიერთობებს, რეალურ მოვლენებს გაუმკლავდნენ“, – ამბობს ფსიქოლოგი.

გეიმინგის ინდუსტრია საქართველოში დღითიდღე იზრდება და მასში ბევრი სხვადასხვა სფერო ერთიანდება. ნანუკა სეფაშვილი თამაშის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს ერთიანი პლატფორმის მეშვეობით აკავშირებს. მისი თქმით, მიუხედავად გეიმინგის პოპულარულობისა, საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება მაინც არსებობს.

„თამაშები ხელოვნების ერთ-ერთი სფერო არის. მით უმეტეს, როდესაც ახლა ძალიან არის თამაშები განვითარებული. შესაბამისად, ეს დამოკიდებულებაც იცვლება, თითქოს გეიმერი ცუდი სიტყვასავით იყო ადრე. სინამდვილეში ასე არ არის და ხალხის დამოკიდებულებას ცვლის – შემოდის მეტი ინფორმაცია“, – თქვა პლატფორმა „Georgian Game Industry-ის“ დამფუძნებელმა ნანუკა სეფაშვილმა.

კომპიუტერულ თამაშები შესაძლოა შემოსავლის წყარო გახდეს, უნარები განავითაროს ან უბრალოდ განტვირთვისა თუ უარყოფითი ემოციების დაცლის მექანიზმი გახდეს. თუმცა კიბერმოთამაშეები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ გადაჭარბებული, ყველაფერი საზიანოა და ზომიერების დაცვა აუცილებელია.

„ზღვარი უნდა ვიცოდეთ. როდესაც ვღიზიანდებით უნდა გავთიშოთ, დავისვენოთ და მერე გავაგრძელოთ ცოტა სხვა რამის კეთება იმიტომ, რომ გაღიზიანებულად საქმის კეთება არსად არ არის კარგი“,  – თქვა თორნიკე ანდრიაძემ

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend