კორონავირუსის პანდემიამ საქმიანობის ყველა სფეროს დაატყო კვალი. გამონაკლისი არც ნარკობიზნესია. პანდემიამ მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა, თუმცა გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ანგარიშის მიხედვით, ნარკომოვაჭრეები ახალ ვითარებას უკვე მოერგნენ. ევროპაში შეშფოთების საგანია ის, რომ შემოტანილი ნარკოტიკების რაოდენობა იზრდება.
პანდემიით გამოწვეული მცირე შესვენების შემდეგ ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებას კვლავ ბევრი საქმე გამოუჩნდა. გაერო კი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ევროპაში კოკაინთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემაა. ნივთიერება, რომელიც ავსტრიის ფოსტაშია აღმოჩენილი, 10-ჯერ უფრო სუფთაა, ვიდრე 10 წლის წინ იყო – ქვეყანაში გაიზარდა ნარკომოვაჭრეთა რაოდენობა, მეტი კოკაინია და ფასებიც დაბალია. ასევე იზრდება კანაფის პროდუქტების მოხმარებაც ონლაინბაზარზე. პანდემიის გამო გახშირდა ნარკოტიკების ფოსტის გაგზავნა. აქედან გამომდინარე, ავსტრიის საბაჟო სამსახური რეგულარულად ამოწმებს მომწოდებელთა ცენტრებს.
ავსტრიის თაღლითობის პრევენციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მუშაკის იურგენის განცხადებით, ერთ დღეში მეძებარი ძაღლების მეშვეობით დაახლოებით 40 შემთხვევა ვლინდება. ისინი ამანათების გახსნისას პოულობენ სხვადასხვა სახის ნივთიერებას, რომლებიც ხანდახან ისეა შეფუთული, როგორც აბაზანის მარილი. ამანათებში ასევე ხშირად არის ექსტაზები და კანაფის პროდუქტები.
ვენაში გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისმა არსებული მდგომარეობა თავის ანგარიშში ასახა.
ბოლო 10 წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 1 მეხუთედით გაიზარდა. გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის დირექტორ გადა ვალის განცხადებით, პანდემიამ მხოლოდ დროებით შეამცირა ნარკოტიკებით ვაჭრობა, თუმცა ძალიან მალე ნარკომოვაჭრეები მოერგნენ სიტუაციას. გადა ვალის ინფორმაციით, ევროპაში გამოგზავნილი ნარკოტიკების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ევროპაში შეშფოთების მთავარი მიზეზი კოკაინია. ადრე ნარკოვაჭრობას იტალიური მაფია აკონტროლებდა, ახლა კი ბალკანეთიდან სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ ბიზნესში. შესაბამისად, იზრდება მიწოდების ჯაჭვების რაოდენობაც. გადა ვალის განცხადებით, კოკაინი გაიაფდა, უფრო სუფთა გახდა და, შესაბამისად, უფრო დიდი რაოდენობით შემოდის. გადა ვალის აზრით, უნდა გაიზარდოს საერთაშორისო თანამშრომლობა ამ კუთხით და ქვეყნებს შორის ინფორმაცია უფრო თავისუფლად უნდა გაიცვალოს.
გაეროს ინფორმაციით, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ამ ათწლეულში 11%-ით გაიზრდება. აფრიკა განსაკუთრებით დაზარალდა, თუმცა ამ საგანგაშო ვითარების გამოსწორება შესაძლებელია, თუ სწორი ღონისძიებები გატარდება.