მთავარისაქართველოდაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს. მათ  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ დოზების განაწილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოითხოვეს.

ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას 24 ივნისს ელოდება. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მხოლოდ „სინოვაკის“ ვაქცინის მისაღებად შეუძლიათ დარეგისტრირება, თუმცა ამ ვაქცინის დოზებიც უკვე ლიმიტირებულია.

„ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტული ვაქცინის მისაღებად პირველ დოზაზე დარეგისტრირდნენ,  რეგისტრაცია გაუუქმდათ.

ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით ვერ აიცრებიან ის ადამიანები, რომელთათვისაც პირველი აცრიდან ჯერ არ არის გასული 10 კვირა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები დაიკარგა.

[br]”ვაქცინები არსად არ გამქრალა. ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა ამ პროცესის უფრო მეტად ეფექტური მართვისთვის”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნას ელოდება, 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში “დელტა” შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-ს აღწევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “დელტა” შტამით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

“დღეს “დელტა” შტამის ცირკულაცია იზრდება. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს აქაც”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო ამერიკის შეერთებლი შტატებიდან დონაციის სახით ვაქცინის დოზებს ელოდება, თუმცა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, ამ დროისთვის უცნობია, როდის, რა რაოდენობით ან რომელ ვაქცინებს გაუნაწილებს აშშ საქართველოს.

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ საქართველოში ვაქცინის დოზები ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ჩვენ კი ჩვენი წვლილის შესატანად ყველაფერს ვაკეთებდით. იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საკმაოდ დიდი კამპანიაა, საქმე გვაქვს 80 მილიონ ვაქცინის დოზასთან, დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად,  ივლისიდან პლატფორმა „კოვაქსი“ საქართველოს ვაქცინის 3 მილიონზე მეტ დოზას ეტაპობრივად მიაწვდის.

ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა ასევე ივლისიდან უნდა დაიწყოს, რაც დღეში 20-25 ათასი ადამიანის აცრას გულისხმობს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend