საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის- საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ ასოცირებული ტრიოს დაფუძნებისა და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს, საუბარი შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს და სხვა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან.