მთავარისაქართველოშეზღუდვების შემსუბუქება

შეზღუდვების შემსუბუქება

საქართველოში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი ივლისიდან გაუქმდება

საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 203 დღის შემდეგ იხსნება. ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. შეზღუდვის მოხსნის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,27%-ია. ამ ფონზე ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება. პირბადის გამოყენება, რომელიც მსოფლიოში ვირუსის არიდების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული, ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის.


„პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს, უნდა ატაროს ღია სივრცეებში. ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებსა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

[br]გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, პირველი ივლისიდან კვების ობიექტები მხოლოდ ღამის 12 საათამდე იქნება ღია. შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო ღამის კლუბებს.

„პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ველოდით, თუმცა ვერ იქნება სრულფასოვანი. იმიტომ, რომ მინიმალური შეზღუდვები მაინც რჩება. მათ შორის შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენს ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ღამის კლუბებში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ეს ინდუსტრია მართლაც ძალიან დაზარალდა, რადგან ყველაზე დიდხანს შეზღუდვა სწორედ მასზე გავრცელდება. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა ორ კვირაში შემოვა, წლის ბოლომდე კი ჯამში მობილიზებული იქნება სამმილიონ-ნახევარზე მეტი ვაქცინა. თუმცა ამ დროისთვის საქართველოში როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, ასევე ამცრელი ოთახები დეფიციტურია.

ამასთან ერთად დღეს, 22 ივნისს, არ ჩამოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა.

„დადასტურებული იყო, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა 22 ივნისს უნდა ჩამოსულიყო. სამწუხაროდ, სერიოზული შეფერხებაა. ფაქტია, რომ ვაქცინა ვერ მოგვაწოდეს.  ამჟამად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 4-5 ათასამდე დოზის დეფიციტი გვაქვს“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

„დარჩენილი დოზები მოხმარდებათ მათ, ვინც ამ დღეებში უნდა აცრილიყო  მეორე დოზით. პლატფორმა „კოვაქსის“ გარდა, ჩვენ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მისაღებად სხვა წყაროებთანაც ვმუშაობთ. ევროკავშირის ქვეყნებიდან დონაციის პროგრამაც გაშვებულია. მეც „ასტრაზენეკას“ ჩემს დოზას ველოდები და იმედი მაქვს, აუცილებლად მივიღებ მას.  იგივე შემიძლია ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

კორონავირუსმა საქართველოში 5000-ზე მეტი პირი შეიწირა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი 24 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისთვის  2000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული საავადმყოფოშია. მათგან 678-ს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ, 174-ს კი რეანიმაციულ განყოფილებაში. იმისათვის, რომ ამ პაციენტებმა იცოცხლონ, მათ სუნთქვის აპარატები სჭირდებათ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend