პირბადის ტარება, თავშეყრის აკრძალვა, გადაადგილების შეზღუდვა გამოხატული ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათის“ სახით, ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება, ტრანსპორტის გაჩერება და მრავალი სხვა. ეს იმ შეზღუდვების არასრული ჩამონათვალია, რისი დაწესების უფლებაც ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს განხილვის გარეშე საქართველოს მთავრობას შეეძლება. ამის დისკრეციულ უფლებას პარლამენტი თავად ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. საპარლამენტო ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო, როდესაც პარლამენტთან შეთანხმების გარეშე ხელისუფლებას ექნება აბსოლუტური უფლება დააწესოს ან მოხსნას ნებისმიერი შეზღუდვა. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როდესაც პირველად მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ამ უფლების მინიჭება და ახლაც, ოპოზიცია არ დავუჭერთ მხარს. ხელისუფლება ეცდება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად გამოიყენოს შეზღუდვების დაწესება, თუნდაც ამის აუცილებლობა არ იყოს, როგორც ეს გასულ არჩევნებზე და მას შემდეგ გააკეთა“, – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ხათუნა სამნიძე.
[br]მმართველი პარტიის განცხადებით, პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესება შესაძლოა მომენტალურად გახდეს აუცილებელი. პარლამენტი კი ბიუროკრატიული ორგანოა, რამაც შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება გააჭიანუროს. მთავრობა კი უფრო ეფექტური და დროული იქნება ასეთი შეზღუდვების დაწესებისას. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის შეფასებას, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
„პატივცემულ ოპოზიციას ვეტყვი, რომ პანდემია არის და არსად წასულა. მთავრობას რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი მაინც და მაინც გამკაცრებისკენ წავა. ამიტომ ვანიჭებთ სწრაფი რეაგირებისთვის ამ უფლებას – დააწესოს ან მოხსნას შეზღუდვები საჭიროებისამებრ. თუ შეზღუდვები იქნება შესამსუბუქებული, ეს მოხდება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ.
პარლამენტმა ერტელ უკვე მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებას პირდაპირი უფლება დააწესოს ნებისმიერი შეზღუდვა. ახლა ამ გადაწყვეტილების ასახვა საკანონმდებლო დონეზე მოხდება.
ალეკო გვეტაძე