მთავარი საქართველო გამოწვევები ამბიციურ სასამართლო რეფორმამდე

გამოწვევები ამბიციურ სასამართლო რეფორმამდე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას კრიტიკულად აფასებს

სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი 21 ივნისს, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე სამოქალაქო სექტორში. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის მიხედვით, დროებითმა კომისიამ სასამართლო ხელისუფლებაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, არაფორმალური გავლენები და სხვა ხარვეზები უნდა შეისწავლოს. დღესვე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონიტორინგის შედეგები წარადგინა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კლანური მმართველობაა.

მოსამართლეთა არასამართლიანი დანიშვნა, გავლენები სასამართლოს თავმჯდომარეებზე, დისციპლინური სამართალწარმოების ვადების დარღვევა – ეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების წარდგენისას. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც სასამართლო სისტემის მაკონტროლებელი ორგანოა, კლანური მმართველობა და არაფორმალური გავლენებია.

 
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი და სასამართლო დამოუკიდებლობისთვის შექმნილი, ფაქტობრივად გადაიქცა სასამართლოს კონტროლის მექანიზმად. ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ კლანს აქვს ფაქტობრივად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ვინაიდან, საბჭოს წევრთა 2/3, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის არის საჭირო, კლანს ეს რაოდენობა გააჩნია“ –  აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.


სასამართლო ხელისუფლებაში არაფორმალური გავლენების შესასწავლად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 ივნისს საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა. ასევე, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები.

„საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა, მიწებებულია ხელისუფლებას და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, ყველა ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, რომ ეს სასამართლო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ ვხედავთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი საერთო სასამართლოებში არამხოლოდ კრიტიკას ვერ უძლებს არამედ, საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. „ქართული ოცნება“ არღვევს იმ შეთანხმებას, რომელსაც თავადვე მოაწერა ხელი“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო რეფორმის შესახებ დისკუსიაში ჩასართავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი.

„თუ მათ რაიმე სურთ სასამართლოსთან დაკავშირებით, შეუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმებას, გახდნენ ნაწილი იმ სასამართლო რეფორმის, რომელიც იგეგმება. ეს რეფორმა ეფუძნება სწორედ იმ მიდგომას, რომ მოხდეს შესწავლა სად ვიმყოფებით დღეს, რა არის უკვე განხორციელებული რეფორმების შედეგები და მხოლოდ ამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოხდეს შემდეგი გადაწყვეტილების მიღება, და არა იმ აღქმებზე, განცხადებებზე და წარმოდგენებზე, რომელიც შეიძლება საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფს ჰქონდეს“ – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი.

მართლმსაჯულების რეფორმა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები შეთანხმდნენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა ამბიციური სასამართლო რეფორმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა დაიწყება, მოსამართლეთა კონფერენციამ უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend