იმის გამო, რომ დღეს არსებული სოციალური სისტემა საქართველოში ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, იწყება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა, რომლის მიზანიც არის ახალი სოციალური კოდექსის შექმნა.
ამ ინიციატივას, რომელიც ორწლიან პროექტს მოიცავს, მხარს უჭერენ ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები.
რეფორმის შედეგად უნდა შემუშავდეს ახალი კოდექსი, რომელიც სოციალური დაცვის სისტემას საქართველოში სრულყოფილს გახდის.
„ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი მთავარი ღირებულება არის მოქალაქე“ -ეს ფრაზა ახალი სოციალური კოდექსის პრეზენტაციის დროს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში რამდენჯერმე გაისმა.
დასაქმება, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მოწყობა, მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა, სამედიცინო თუ სოციალური დაზღვევა და სხვა მრავალი ის სფეროებია, რომელთა გაუმჯობესებაც ახალი სოციალური კოდექსით იგეგმება.
[br]„კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რა ცვლილებები არის განსახორციელებელი. სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება არის აუცილებელი, არამედ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.
ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებმა „სოციალური კოდექსის“ 2-წლიანი პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყეს. პირველ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის კანონმდებლობასა და სისტემური მოწყობის მოდელებს საქართველოში არსებულ მოდელებთან შეადარებენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური სისტემის განვითარებას საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია. ეს კი ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. არსებობენ სხვა დაუცველი ჯგუფებიც, რომელთა მდგომარეობა კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა“, – განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში.
2-წლიანი პროექტის განმავლობაში იგეგმება იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს დაეფუძნება. პროექტის მიხედვით, გააანალიზებენ არსებულ გამოწვევებსა და სისტემაში გამოკვეთილ ღია ანუ პრობლემურ სივრცეებს. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს, მიიღწევა ერთიანი მიზანი.
„ერთიანი მიზნის მიღწევა. 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა და მზადყოფნა იმისათვის, რომ ვთქვათ – ჩვენ გვაქვს სრულიად მომზადებული სისტემა სოციალური დაცვის კუთხით და ეს იქნება ერთი კოდექსის სახით წარმოდგენილი. ისევე როგორც ეს არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ ამ გარანტიას, რომელიც იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება მიღწეული“, – ამბობს კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კოდექსზე მუშაობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.
ანანო ღუდუშაური