მთავარისაქართველოქართული გემო

ქართული გემო

ტრადიციული ქართული კერძები და თანამედროვე კულინარია

დღეს 18 ივნისია, მსოფლიო გასტრონომიის დღე.  ამ დღის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ გასტრონომია მსოფლიოს ბუნებრივ და კულტურულ მრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული. კულინარიის მკვლევარები ამბობენ, რომ ქართული ტრადიციული კერძები გემოების საშუალებით, საქართველოს  ისტორიასაც ყვება. შესაძლებელია თუ არა ტრადიციული კერძები თანამედროვე კულინარიის მოთხოვნებს მოერგოს და როგორ ცვლიან მზარეულები ამ კერძებს?

ქართული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია. ხინკალი, მწვადი და ხაჭაპური კი ტრადიციული სუფრის ნაწილია. ეს კერძები უკვე თავად ყვება ისტორიას, მაგრამ დრო გადის და ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ქართული სამზარეულოც ცდილობს დროს მოერგოს.

თუკი მოისურვებ, შესაძლებელია, ტრადიციული კერძი ხინკალი, აი თანამედროვე სახით მოგართვან. მას შეფ მზარეული გიორგი ნინუა ამზადებს. იგი სხვა ტრადიციულ ქართულ კერძებსაც ამზადებს ახლებურად. ძველი გემოების შთაგონებით ქმნის სრულიად ახალს.  ამბობს რომ კულინარიული იდეა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩნდეს

„რასაც ფანჯარაში ვხედავდი იყო ძველი თბილისი ძველი არქიტექტურა ახალი არქიტექტურა, მინის შენობები აგურის შენობები, ვიფიქრე ავიღებ ტრადიციულ ქართულ კერძებს და გადავატრიალებ, ვიზამ იმას რასაც ეს ხედი მე მკარნახობს“,- ამბობს შეფ-მზარეული გიორგი ნინუა.

 

გიორგი ამბობს, რომ ქართულ სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მიმზიდველია.

„სინთეზში გამოვიყვანეთ ის რეცეპტები და გემოები რომელიც ქართველსაც აკმაყოფილებს, უცხოელსაც აკმაყოფილებს და საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილია“, – ამბობს მზარეული.

მაგრამ ცვლის თუ არა გასტრონომიულ კულტურას გათანამედროვებული კერძები?

გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია ამბობს, რომ კულინარიაში ტრადიციებიც ძვირფასია და შემოქმედებითი სიახლეებიც მისაღებია.

“საქართველოს ისტორიას ფეხდაფეხ მიჰყვება ქართული ტრადიციული გასტრონომიის ისტორია, კერძი თავის ეპოქას ჰგავს თავის რელიგიას, ან პრობლემას, ქართული გასტრონომია ამას ზუსტად მიჰყვება. თქვენ მეკითხებით შეიძლება თუ არა ქართული ტრადიციული კერძები გახდეს თანამედროვე? რა თქმა უნდა რადგან რეცეპტი ორგვარია ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მეორე კი საავტორო რეცეპტებია“, – გვიყვება გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია.

გასტრონომიის მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ გურმანები ხშირად, სწორედ ასეთ  სიახლეებს ეძებენ.

„გურმანი ის ადამიანია, რომელიც არამხოლოდ ისტორიულ გემოებს ეძებს არამედ  სიახლესაც, ამიტომ გურმანისთვის ყველაფერი მისაღებია“, – ამბობს ესმა კუნჭულია

მზარეულები ამბობენ, რომ სამზარეულოში ცარიელი თეფში თუ შემობრუნდა მათთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.

ასეთი ამბავი კი ხშირად ხდება, თუ ამ თეფშიდან მდიდარი ისტორიის მქონე, ახლებური ქართული კერძი  დააგემოვნეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend