მთავარი გადაცემები სამიზნე დუბაი - ოქროს ქალაქი

დუბაი – ოქროს ქალაქი

საუკუნეზე მეტია, ხალხი დუბაიში სანელებლების, მარგალიტისა და ოქროს შესაძენად ჩადის. ამის გამო დუბაის ოქროს ქალაქსაც უწოდებენ. დუბაის საბაჟოს ადმინისტრაციის ინფორმაციით,  2020 წელს ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში ოქროს ვაჭრობამ 41 მილიარდი ევრო შეადგინა. ნავთობის შემდეგ ეს დუბაის ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია. ამ ქალაქში მრავალი ოქროს საცავი, საოქრომჭედლო სალონი და ოქროს გადასამუშავებელი საწარმოა.

ალ-ეტიჰადში, ოქროს ამუშავებენ და საინვესტიციო ზოდებად ასხამენ. ისინი ზოდებით ბანკებს, ოქროს ტრეიდერებსა და ძვირფასეულობით საბითუმო ვაჭრებს ამარაგებენ.

ალ-ეტიჰადი დუბაის საქონელს აწვდის, ანიჭებს აკრედიტაციას, საერთაშორისო ხარისხსა და ტექნიკურ მაჩვენებლებს.

სალაჰ ხალაფი, ალ-ეტიჰადის ოქროს საწარმოს თანამესაკუთრე:

„მე ხალხს ვურჩევ მხოლოდ ოქროში მოახდინონ ინვესტიცია, ამ ქალაქში ოქროს სრული ციკლი შეიკრა, ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.“

აქ 10 კილო სუფთა ოქროს ზოდი ახლა 454 ათასი ევრო ღირს. თუმცა ნებისმიერი საქონლის მსგავსად, მისი ფასი იცვლება.

 
ჯავარაში 1955 წელს აბდულას ოჯახის მიერ  დაფუძნებულ ბირჟაზე, სადაც ოქროთი, ძვირფასეულობითა და ბრილიანტებით ვაჭრობენ, ბითუმად მოვაჭრენი მოდიან.


თავჰიდ აბდულა,  Dubai Jewellery Group-ის ხელმძღვანელი:

„ამ ბაზარზე ნებისმიერ დროს 40-50 ტონა ოქროა ხელმისაწვდომი, საცალო და საბითუმო განყოფილებაში ერთად. საქონლის ასეთი მოცულობის გამო ჩვენი ფასები მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანია.“

დუბაიში ძვირფასეულობისა და ოქროს ინდუსტრიას „დუბაის ოქროსა და ძვირფასეულობის ჯგუფი“ კარგად არეგულირებს. ეს არაკომერციული სავაჭრო ორგანო  700 წევრისაგან შედგება.

თავჰიდ აბდულა, Dubai Jewellery Group-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენ თვითდისციპლინა გვაქვს, მთავრობის მრავალი  რეგულაციისა და კონტროლის წყალობით, ჩვენ შესანიშნავი პროდუქტი გვაქვს.“

ყოველ წელს მსოფლიოს ოქროს მარაგის 20-40 პროცენტი დუბაიზე გადის და მისი უმეტესობა ოქროს ბირჟაზე ხვდება. მხოლოდ აქ,  ნახევარი კვადრატული კილომეტრის ფართობზე 300 მაღაზიაა. დუბაის ოქროს ბირჟა ადგილობრივი დროით დილის 6-დან ღამის 11 საათამდე ვაჭრობს. დუბაის გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით, მისი ბირჟა ერთ-ერთია იმ  იშვიათი ბირჟებიდან მსოფლიოში, რომლებიც ყველა სასაათო სარტყელს ემთხვევა, ავსტრალიიდან დაწყებული ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ჩათვლით.

ჯეფრი როდესი, „ძვირფასი ლითონების საკონსულტაციო“ კომპანიის დამფუძნებელი, თვლის, რომ  არაბთა გაერთიანებული საამიროების ოქროს ინდუსტრიის გული დუბაის ოქროს ბირჟაა. იქ მუდამ უამრავი ტურისტი ირევა. აქ მოდიან ადგილობრივებიც, რომ ოქრო იყიდონ.

ჯეფრი როდესი, „ძვირფასი ლითონების საკონსულტაციო“ კომპანიის დამფუძნებელი:

„ოქროს ნაკეთობა აქ ყველაზე იაფია. მთელ მსოფლიოში ეს ძალიან მაღალი განაკვეთით იბეგრება. ეს საუკეთესო ადგილია ოქროს საყიდლად, ყველაზე სარფიანად აბანდებ ფულს.“

დუბაის ოქრო ტურისტებისთვის არ იბეგრება. ოქროს ბირჟაზე, ასევე ოქროსა და ალმასის პარკში ძალიან ბევრი საოქრომჭედლოა.

Cara-ს ძვირფასეულობის თანადამფუძნებელი და დირექტორი კირან პითანი ამბობს, რომ იქ გამოფენილი ძვირფასეულობის  85 პროცენტს ადგილზე ამზადებენ. „ოქრო ყოველთვის პოპულარულია. იგი ვალუტაზეც არის მიბმული. პანდემიის დროს ხალხს ურჩევნია, ინვეტსიცია ოქროში ჩადოს“, – განმარტა კირანმა.

პანდემიის დროს, მრავალი სხვა სექტორის მსგავსად, მოთხოვნა ძვირფასეულობაზეც შემცირდა. მაგრამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში ოქროთი ვაჭრობა გაიზარდა და ოქროს ქალაქი იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი
Send this to a friend