მთავარი გადაცემები Cult კარიკატურების გამოფენა „შირა 2021-ის“ ცენტრში ევროპა დგას

კარიკატურების გამოფენა „შირა 2021-ის“ ცენტრში ევროპა დგას

კარიკატურების გამოფენა „შირა 2021“-ზე, რომელიც პორტუგალიაში ქალაქ ვილა-ფრანკა-დე-შირაში ყოველ წელს ტარდება, ევროპის თემას საპატიო ადგილი უკავია.

გამოფენის მასპინძელმა ქვეყანამ პორტუგალიამ ისარგებლა იმ უპირატესობით, რომ წელს ევროკავშირის პრეზიდენტია და ბერძენ კარიკატურისტ მიქაელ კუნტურისს სთხოვა, წლევანდელ ას ნამუშევრში ის კითხვები და სურვილები აესახა, რომლებიც ევრობლოკის მოქალაქეებს აქვთ. „ეს ევროპაა?!“  – ასე ჰქვია გამოფენას.

აქ წარმოდგენილ თემებს შორისაა ემიგრაცია, უკიდურესი მემარჯვენეობის აღზევება და პანდემიის ფონზე გაჩენილი კითხვები…

ანტონიო ანტუნესი, კურატორი და კარიკატურისტი:

„შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ  ეს გამოფენა ევროპის კრიტიკას ასახავს და, გარკვეულწილად, ანტიევროპულია. მაგრამ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა! ეს გამოფენა აჩვენებს ისეთ ევროპას, რომელიც არ ჰგავდა ევროპას. ჩემი აზრით, ევროპის მოქალაქეებს მრავალი ოცნება და მოლოდინი აქვთ, რომელიც ევროპამ არ გაამართლა. მოქალაქეთა სურვილები და ევროპის პოლიტიკური ელიტის რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.“

 
ვილა-ფრანკა-დე შირას გამოფენების ტრადიციის მიხედვით, წლევანდელ გამოფენაზეც 2020 წლის კარიკატურების სექციაში დამთვალიერებლებს ოცამდე პორტუგალიელი კარიკატურისტის გასულ წელს დაბეჭდილ საუკეთესო ნამუშევრებს სთავაზობენ.


გასული წლის ნამუშევრებში ძირითადად ისეთი თემებია ასახული, როგორებიცაა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ე.წ. განქორწინება, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და დასავლეთის დამოკიდებულება ჩინეთთან. თუმცა შირას გამოფენის ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ გამოფენის მთავრი თემა მაინც ტრამპის თეთრი სახლიდან  წასვლა და გლობალური ჯანდაცვის კრიზისია. გასული წელი იმდენად რთული გამოდგა, რომ მისი იუმორისტული რაკურსით დანახვა  ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

კრისტინა სამპაიუ, კარიკატურისტი:

„2020 წელი გარდატეხის წელი იყო. კოვიდმა მრავალი სფერო დააზიანა, და სწორედ ეს სფეროებია აქ წარმოდგენილი, მათ შორის: პოლიტიკა, კულტურა, სპორტი, სოციალური ცხოვრება და, თავისთავად, ჯანმრთელობა.“

ჟუან ფაზენდა, კარიკატურისტი:

„გასული წელი განსხვავებული იყო ყველასთვის ცნობილი მიზეზის –  პანდემიის გამო. ჩემს ნამუშევრებზე პანდემიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია, მაგრამ გასულმა წელმა ასევე გვაიძულა, სხვა თვალით დაგვენახა ყველაფერი და, ჩემი აზრით, აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში ესეც აისახა. მაგალითად, მე, როგორც შემოქმედი, იძულებული გავხდი, სხვა კუთხით შემეხედა ყველაფრისთვის. პრინციპში, ჩვენ, კარიკატურისტები, ყოველთვის ასე ვიქცევით, მაგრამ ამჯერად ეს  უფრო გამოიკვეთა.“

შირას კარიკატურების გამოფენაზე 83 წლის შოტლანდიელი კარიკატურისტის როს ტომსონის ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. ეს კოლექცია როსის ხანგრძლივი კარიერისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი სამყაროს კარს გვიღებს, რომელიც მოიცავს როგორც რეკლამას, ისე კარიკატურებსა და სატირულ შარჟებს. ამ ბრიტანული იუმორით გაჯერებულ ნამუშევრებში, რომლებშიც ავტორი ყოველდღიურ ყოფას წარმოგვიდგენს, ტომსონმა ასზე მეტი ჯილდო მიიღო და მისი სახელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.

წლევანდელმა შირას გამოფენამ  პატარა კუთხე არგენტინელ შემოქმედს ხოაკინ სალვადორ ლავადოსაც დაუთმო, რომელიც კინოს ფსევდონიმით არის ცნობილი. კინო, რომელიც ცნობილი კომიქსის გმირის მაფალდას ავტორია, 2020 წლის 27 მაისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იუმორის თვალით დანახული პანდემია და ევროკავშირი, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც  წელს პორტუგალიაა, ასევე პროტუგალიასა და მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემის სატირული  ხედვა – ასეთია წლევანდელი შირას კარიკატურების გამოფენის თემების პალიტრა, რომელიც მნახველებს 29 აგვისტომდე უმასპინძლებს.

ავტორი: როდრიგო ბარბოსა

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend