მთავარისაქართველოქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირმა განვითარების 97 ინიციატივას მხარი დაუჭირა

ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირმა განვითარების 97 ინიციატივას მხარი დაუჭირა

ქედაში ახლადგახსნილი ვეტერინარული კლინიკაა. აქ ფერმერებს საქონლის ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური მომსახურების მიღება შეუძლიათ.

კლინიკა, რომელიც დაახლოებით 30,000 პირუტყვს ემსახურება, ყველა საჭირო დანადგარითა თუ ინვენტარით არის აღჭურვილი.

ფერმერებს აქ ცხოველებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ.

ევროკავშირის დახმარებით ქედაში პროექტების განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო.

შეკეთდა სკოლის შენობა, ჩირის საწარმო, განვითარდა სასტუმროები და მარნები.

ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ 97 ინიციატივისა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში, პროექტ „ქედა ლიდერსის“ ფარგლებში განხორციელდა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, რეგიონული განვითარება ევროკავშირის პრიორიტეტია.

 
„ეს არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყნის სრული პოტენციალით ამუშავებისთვის. ამ მხრივ ჩვენ მხოლოდ ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობას არ ვახდენთ, ჩვენ ასევე მნიშვნელოვანწილად ვეხმარებით მთავრობას როგორც დეცენტრალიზაციის გეგმების შემუშავებაში, ისე რეგიონების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი სოფლის, რეგიონის და, ამრიგად, მთელი საქართველოს განვითარებაზე“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

[br]სოფლის განვითარების პროექტს, „ქედა ლიდერს“, ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის მხარდამჭერით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ახორციელებს.

აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, პროექტში გაერთიანდნენ ადგილობრივი თემები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

მათი მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება, სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოს დაცვა.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას თქმის პროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს.

„ქედაში LAG-ის შექმნა ძალიან თანამონაწილეობრივი იყო და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური ნდობა დაიმსახურა. მეორე ეს არის, რომ შეიქმნას თემი, ადგილობრივი საზოგადოება შეთანხმდეს განვითარების პრიორიტეტებზე და შეიქმნას სტრატეგია. მესამე არის კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ეს პროექტები უნდა იყოს ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული. რესურსებში ჩვენ ვგულისხმობთ, როგორც ადამიანის რესურს, როგორიცაა განათლება, ასევე ბუნებრივ რესურსებს“, – თქვა CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ.

პროექტი ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულია და მრავალ ასპექტს მოიცავს.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით ევროკავშირს საკუთარი გამოცდილების საქართველოში გაზიარება და დანერგვა სურს.

„ჩემი აზრით, ეს მოდელი საქართველოში წარმატებულია. იგი თავად ადგილობრივ თემზეა ორიენტირებული. იქმნება სხვადასხვა აქტორებით დაკომპლექტებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. როგორც წესი, მასში შედიან მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები“, – ამბობს კარლ ჰარცელი.

ევროპელი პარტნიორების აზრით ამგვარი პროექტები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი შესაძლოა მოდელად იქცნენ და მსგავსი ინიციატივები საქართველოს სხვა კუთხეებშიც დაინერგოს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend