მთავარი საქართველო „სულ სხვა სურათები“

„სულ სხვა სურათები“

როგორ ვიქცევით, როცა ფოტოსურათის გადაღება გვსურს? ამისთვის ვიყენებთ ფოტოაპარატს, მობილურ ტელეფონს, ან სხვა თანამედროვე მოწყობილობას. თუმცა ათწლეულების წინ ფოტოს გადაღების მსურველი აუცილებლად ფოტოატელიეში უნდა მისულიყო და სურათის დაბეჭდვას რამდენიმე საათი დალოდებოდა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თითქოს გაქრა ფოტოატელიეები, თუმცა თბილისის ქუჩებში რამდენიმეს მაინც შეხვდებით. მათ შორის არის ერთ-ერთი უძველესი ატელიე, რომელიც უამრავ ფოტოს და მოგონებას ინახავს. ამ ადგილს ახლაც ჰყავს ერთგული სტუმრები.

65 წლის წინ ამ ატელიეში რობერტ გუმაშიანმა ფოტოგრაფიის სწავლა დაიწყო. ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფ – რაჩ ტერ-გრიგორიანთან. ახლაც იმ აზრზეა და ფიქრობს, რომ ფირით გადაღებულ ფოტოებს არაფერი შეედრება.

„მაშინ სულ სხვა სურათები იყო. თითქოს ცოცხალი ადამიანი გიყურებდა. ახლა ის ხარისხი არ არის. ან იქნებ ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმ სურათებზე და ამიტომ მგონია ასე…“,- ამბობს რობერტ გუმაშიანი.

 
ამ ატელიემ მისამართი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ყველაფერი თითქმის ისევეა მოწყობილი, როგორც 70 წლის წინ, იმ პირველი ატელიეს გახსნისას. აქ თითქმის ყველა სტუმარი ახსოვთ, მათ შორის ზოგი განსაკუთრებული იყო.


„გვითხრეს, ცოტა ხანში შევარდნაძე მოდისო. ჩავკეტეთ ატელიე, რომ სხვა არავინ შემოსულიყო. მოვიდა კარგი გამარჯობით და ღიმილით. ჩვენ მისი დაცვისგან წინასწარ უკვე ვიცოდით, რისთვის სჭირდებოდა სურათი. რაჩიკამ გადაუღო. შემდეგ მისი დაცვის წევრები მოვიდნენ და წაიღეს სურათები. რომელიც ედუარდს მოეწონა, საბოლოოდ ის სურათი გავამზადეთ”, – იხსენებს რობერტ გუმაშიანი.

ფოტოატელიეს ისტორიას ახლა ირინა ტერ-გრიგორიანი აგრძელებს, თუმცა აქ ისეთი ხალხმრავლობა აღარ არის, როგორც ნახევარი საუკუნის წინ იყო. რა თქმა უნდა, შეიცვალა გადაღების ტექნიკაც.

“მე ზუსტად ისე ვერ ვმუშაობ, როგორც ამას მამა აკეთებდა. ტექნოლოგიაც შეიცვალა, ახლა ციფრული გადაღებაა, ადრე კი კონტაქტური იყო. მაშინ განათებებსაც სხვას იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ვცდილობ შეძლებისდაგვარად მივუახლოვდე იმას, რასაც მამა აკეთებდა. ის ფირზე მუშაობდა, მე კი უკვე ფოტოშოპში შემიძლია სურათების დამუშავება“ – ამბობს ირინა ტერ-გრიგორიანი.

ირინა ტერ-გრიგორიანს მამისგან განსხვავებით, ახლა არც ფირზე გადაღება უწევს, არც ფოტოების გამჟღავნება და არც მათი სპეციალური ხსნარით დამუშავება. თუმცა სტუმრების მიმართ სიყვარული მაინც უცვლელი დარჩა.

“ახლა ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მომავალში გახდნენ ცნობადი სახეები. ახალგაზრდა მევიოლინეები, მსახიობები, მოდელები. ჩვენს ატელიეში დადის მაგალითად ოპერის მომღერალი ნინო ჩიქოვანი, ეს უკვე მომავალი თაობაა. მამასთან იმდროინდელი ვარსკვლავები დადიოდნენ. მაგალითად, ლიკა ქავჟარაძე. ჩემთან კი მომავალი მსახიობები და რეჟისორები მოდიან, შესაძლოა მომავალი პრეზიდენტებიც კი“, – ამბობს ირინა ტერ-გრიგორიანი.

დრო მიდის, იცვლება ტექნიკა, მაგრამ  82 წლის რობერტ გუმაშიანს ჯიუტად სჯერა, რომ „მაშინ სულ სხვა სურათები იყო…“

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

სურათებისურათები

Send this to a friend