მთავარისაქართველოსახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა

სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ მმართველ ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს შორის შეხვედრა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  მომავალი კვირის ბოლოს სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვევიან და იქ არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველს აქამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესულიყო.

15 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს პანსიონში შესვლის მოთხოვნით მიმართა.

იმავე დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა მმართველმა  განაცხადა, რომ ის სახალხო დამცველს თბილისში შეხვდებოდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები ბავშვების მდგომარეობის შეფასებას კვლავ გააგრძელებენ.

მომავალი კვირის ბოლოს კი პანსიონს მონიტორინგისთვის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეწვევა.

“ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ. მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და იქ მყოფი ადამიანები არ იყვნენ ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

[br]ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ყველა თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელები უმაყოფილებას გამოთქვამდნენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

„ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას გავითვალისწინებთ. ეს საქმე ჩემთვის ახალია, თუმცა მაგრამ უცხო არ არის. ჩვენ სტანდარტების შესაბამისად ვიმოქმედებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

„მე მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები და მხოლოდ იმას ვცდილობთ,  თუ როგორ შევაღწიოთ შიგნით. ეს ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული,  რომ თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები, მაგრამ დასრულდება იმით, რომ ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან ეს ბავშვები დასაცავი. შტურმი უნდა დავასრულოთ და ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ“,- ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ადგილას დღის ცენტრი გაიხსნება.

ნინოწმინდაშივე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მცირე ზომის ბავშვთა სახლები მოეწყობა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend