მთავარისაქართველორატომ არ ისვენებენ თბილისელები ხუდადოვის ტყეში?

რატომ არ ისვენებენ თბილისელები ხუდადოვის ტყეში?

პანდემიის პერიოდში თბილისელებმა ქალაქის სარეკრეაციო ზონების ათვისება უფრო აქტიურად დაიწყეს.

მზიური, ვაკის პარკი, ბოტანიკური ბაღი, იპოდრომის ტერიტორია – ამ ადგილებს ქალაქის მოსახლეობა ხშირად სტუმრობს.

თუმცა, თბილისში არსებობს უზარმაზარი ტყე, რომელიც რატომღაც არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს.


ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისელების ინტერესი დასასვენებელი სივრცეების მიმართ გაიზარდა.

[br]ქალაქის გარშემო არაერთი ადგილია, სადაც შეიძლება მზეს თავი შეაფარო. ხუდადოვის ტყე ერთ-ერთი მათგანია.

ხუდადოვის ტყე ნაძალადევის რაიონში მდებარეობს.

ტყე, 1893 წელს თბილისის სათათბიროს წევრმა და ექიმმა ნიკოლოზ ხუდადოვმა მთის ფერდობზე გააშენა.

იმდროინდელი პრესა წერდა, რომ ახალი დასასვენებელი პარკი თამამად უწევდა მეტოქეობას მუშტაიდსა და ორთაჭალის ბაღებს.

დრო შეიცვალა და ერთ დროს სასიამოვნოდ დასასვენებელი ადგილი, კრიმინალური შემთხვევების სინონიმად იქცა და თბილისელებმა ხუდადოვის ტყე მიატოვეს.

დღეს ეს ადგილი სახიფათო აღარაა, თუმცა მას ძირითადად ახლო-მახლო მცხოვრები ხალხი სტუმრობს.

„მე ვცხოვრობ რეხის ქუჩაზე, გორაკის იქითა მხარეს. აქ თითქმის ყოველდღე მოვდივარ. აქ დავრბივარ და ძაღლს ვასეირნებ. ხუდადოვის ტყე ოაზისივითაა, აქედან თბილისის მშვენიერი ხედი იშლება, არის ხეები, თუმცა მითხრეს რომ ადრე უფრო მეტი იყო“, – ამბობს მაიკლი.

სამწუხაროდ, ტყეში მოსული დამსვენებლების ნაწილი გარემოს სათანადოდ არ უფრთხილდება. ტერიტორიაზე ნაგავს არც ისე იშვიათად შეხვდებით.

„მთავარი პრობლემა აქ ნაგავია. აქ რომ გადმოვედი საცხოვრებლად, შვილებთან ერთად ნაგვის პარკებით გამოვედით და ტყის დასუფთავება დავიწყეთ. თუმცა, ორ დღეში ყველაფერი კვლავ დანაგვიანებული დაგვხვდა. არაერთხელ მინახავს თუ როგორ ყრიან ადამიანები ქაღალდს და სიგარეტის კოლოფებს“, – მიიჩნევს ტყესთან ახლოს მცხოვრები მაიკლი.

აშკარაა, რომ ხუდადოვის ტყეს მოვლა-პატრონობა აკლია და აქაური ფიჭვებიც ნელ-ნელა ხმებიან.

„ხუდადოვის ტყე სარეკრეაციო სივრცეა. თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, მისი დიდი ნაწილი სატყეო ტერიტორიაა. იქ  დასაშვებია  სხვადასხვა შენობების განთავსება. მაგალითად: კაფე, სანაყინე, სპორტული მოედნები, ბილიკები, ჩამოსაჯდომი ადგილები. თუმცა ამ ზონის სახეობის დადგენის შემდეგ, ერთიანი პროექტით უნდა გადაწყდეს, თუ რა რაოდენობით უნდა განლაგდეს ეს შენობები. ბევრი შენობა ამ ტერიტორიას დიდად ავნებს“, – ამბობს თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე.

მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, მინიმალური ჩარევით ხუდადოვის ტყე თბილისელებისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს.

„ეს ტყე-პარკი მხოლოდ ჰაერის გაწმენდისთვის არ არის, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მოსახლეობის მიერ. გენერალური გეგმის მიხედვით, ეს არის თავისუფალი სარეკრეაციო სივრცე. პროექტში უნდა დადგინდეს ობიექტების განთავსების გეგმა. ისინი უნდა იყოს მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქციის და არა საზოგადოებრივი, საქმიანი და საწარმოო. ეს უნდა იყოს ხუდადოვის ტყე-პარკის პერსპექტივა“, – განმარტავს მერაბ ბოლქვაძე.

ხუდადოვის ტყეში  მოსეირნე ხალხს დიდად ვერ შეხვდებით.

თუმცა, აქაურობას აქვს პოტენციალი, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend