მთავარისაქართველომოსამართლეთა დანიშვნა

მოსამართლეთა დანიშვნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ არ ელოდება მართლმსაჯულების რეფორმას და მხარს უჭერს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა ცხრა კანდიდატს.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვედა ინსტანციებში თანამდებობაზე კიდევ 46 მოსამართლე გამწესდა.

სასამართლოს რეფორმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტში ერთ-ერთი პირველ რიგში შესასრულებელი დავალებაა.

ამ შეთანხმებას კი აწერს ხელს თითქმის ყველა პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ძალა. ამავე დოკუმენტით, სასამართლო სისტემის რეფორმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით უნდა გატარდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია და პარლამენტს გადაუგზავნა.

[br]გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი ამ პროცესში ნეპოტიზმის ნიშნებსა და ინტერესთა კონფლიქტს ხედავს.

„იყო პროცედურული დარღვევები, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, ჩემი აზრით, არის ნეპოტიზმი. დღეს წარედგინა საქართველოს პარლამენტს ლევან თევზაძე, რომელიც არის ირაკლი შენგელიას ნათესავი. მართალია, ირაკლი შენგელია არ იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების საწინააღმდეგოდ შეიძლება წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ შეაჩერებს ამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

„აუცილებელია, რომ საზოგადოებაში სასამართლოს კორპუსის მიმართ და ზოგადად უზენაესი სასამართლოს მიმართ მეტი ნდობისათვის, პროცესი წარიმართოს იმ პირობებში, როდესაც მოხდება სასამართლოს რეფორმა. ფუნდამენტური რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, ვიდრე ეს არის დღეს“, – აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, კი აცხადებს, რომ კანონი იმ შემთხვევაში დაირღვეოდა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების წარდგენაზე არ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

„ისეთი სახის ჩანაწერი ამ შეთანხმებაში, რომ რაიმე პროცესი უნდა შეჩერდეს და სასამართლოს პარალიზება მოხდეს ნამდვილად ვერსად ვერ წავიკითხე. არის საუბარი რეფორმაზე. რეფორმებში ჩვენ ვმონაწილეობთ ბოლო უკვე ათი წელია, რამდენიმე ტალღა, რეფორმა გაიარა სასამართლო სისტემამ და ყველა ჯერზე აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ რეფორმებში“, – თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ.

სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი.

ახლა ჯერი კანონმდებლებზეა, გაითვალისწინებენ თუ არა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ შენიშვნებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend