მთავარისაქართველოძილის წინ მოყოლილი ამბები

ძილის წინ მოყოლილი ამბები

უკითხავენ თუ არა მშობლები შვილებს წიგნებს?

„იყო და არა იყო რა“- ასე იწყება ბევრი ზღაპარი. ბავშვებმა იციან, რომ ამ ფრაზის შემდეგ ჯადოსნურ სამყაროში უნდა იმოგზაურონ, მაგრამ სანამ კითხვას ისწავლიან, ამ მოგზაურობაში მათ ვინმე უნდა გაუძღვეს.

თეკლა 4 წლისაა, სანამ მისი ძილის დრო მოვა დედა საყვარელ ზღაპარს ურჩევს.

ერთი და იმავე ამბის ბევრჯერ მოსმენა მისთვის მომაბეზრებელი არ არის. თეკლას დედა ნინო ამბობს, რომ ძილის წინ წიგნის წაკითხვა მათ ოჯახში ტრადიციად იქცა.

 
„სამ გოჭს და წითელქუდას ვუყვები ხოლმე და ფიფქიას ვუკითხავ, თეკლას ზღაპრებზე მეტად მაინც ლექსები უყვარს.საუზმეს რომ მოვრჩებით არჩევას ვიწყებთ, ვეკითხები ცოტა ხნით ტელევიზორს უყურებთ თუ წავიკითხოთ ? ცოტა ხნით ტელევიზორი ურჩევნიათ ხოლმე, მაგრამ მერე კითხვაზე გადავდივართ“, – გვიამბობს თეკლას დედა ნინო.

[br]ნინო ფიქრობს, რომ ეს პროცესი, ზღაპრების კითხვა დედისა და შვილის ურთიერთობას  ცვლის.

„მშობელსა და შვილს შორის უფრო ახლო ურთიერთობები  ყალიბდება“, – ამბობს ნინო სოხაძე.

გაზეთ „independent”-ის 2018 წლის გამოკითხვის თანახმად, 10-დან მხოლოდ სამი მშობელი უკითხავს შვილს ძილის წინ მოთხრობებს.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 97 პროცენტს მიაჩნია, რომ კითხვა მნიშვნელოვანია, 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ბავშვისთვის ამბის მოყოლა ურთიერთობებს განსაკუთრებულს ხდის.

„ამბავი, რომელსაც გვიყვებიან, არი საშუალება ფანტაზიის გასავითარებლად. ეს არ არის მზა ხატები, რომელსაც მულტიპლიკაციითა ან “გაჯეტებზე” თამაშით ვიღებთ, ეს არის ჩვენს მიერ შექმნილი სამყარო. მეორე ეს არის ხმა ვინ გვიყვება რა ინტონაციით გვიყვება და რამდენ სითბოს დებს მასში, ანუ მე ვხვდები რომ ეს ადამიანი მითმობს დროს, რომ რაღაც გამიზიაროს და მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ როგორც პიროვნება“, – ამბობს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

როგორ უნდა ავარჩიოთ შესაბამისი ლიტერატურა ბავშვებისთვის?

რომელ სამყაროში იგრძნობენ ისინი თავს კარგად?

„ქართველი ავტორის წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ ან ქალაქია ნაცნობი ან ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი საკუთარი თავის ამოცნობას ახერხებდეს წიგნში, მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ წიგნის პერსონაჟი და მკითხველი ერთი ასაკის იქნებიან“, –  განმარტავს მწერალი დიანა ანფიმიადი.

ზღაპრები, მოთხრობები და ლექსები ალბათ კიდევ ბევრ ბავშვს მოჰგვრის ძილს.

მანამდე კი თეკლას და ნინოს ერთად სჯერათ, რომ მგელი სამი გოჭის ზღაპარში სულის შებერვით სახლს დაანგრევს, მაგრამ მათ ურთიერთობას ასეთი სულის შებერვა ვერაფერს დააკლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend