მთავარისაქართველოაჭარა ტურისტების მოლოდინში

აჭარა ტურისტების მოლოდინში

რეგიონში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის. რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ბათუმის ბულვარში ჯაზ ბიგ-ბენდის კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა კულტურულ პროგრამას დასწრებოდნენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად, რეგიონი წელს სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსაც შესთავაზებს.

მზე, ზღვა, გართობა, ბათუმური ყავა, აჭარული ხაჭაპური და სხვა… ეს ის დეტალებია, რომლებიც აჭარაში დასვენებას დაუვიწყარს ხდის. აჭარა მონატრებული ტურისტების მისაღებად მზად არის. სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ რამდენიმე მათგანი უკვე გამოჩნდა.

„ჩვენ აქ ძალიან მოგვწონს. შესანიშნავი ქალაქია, ძალიან კარგი ხალხი და იდეალური ამინდია. გვინდა, აქ შემოდგომამდე დავრჩეთ.“

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ, 3 კვირის წინ ჩამოვედით. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა აქაურობამ ჩვენზე. აქედან წასვლა არ გვინდა. შესაძლოა, ზამთრამდეც კი დავრჩეთ.“ – ამბობენ ტურისტები, რომლებიც ბათუმში ისვენებენ.

 
ზაფხულის სეზონის გახსნა შარშან 2020 წელს პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა 2021 წელს სეზონი მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით გაიხსნა. ბათუმის ქუჩებში მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიასანახაობა, ლათინოამერიკული ცეკვები, საბალეტო წარმოდგენა და სპექტაკლები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში აჭარაში მოქმედი ყველა სახელმწიფო მუზეუმი და პეტრასა და გონიოს ციხეები სტუმრებისთვის უფასო იყო. ოფიციალურად გაიხსნა რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. სეზონის განმავლობაში ბათუმში არაერთი ფესტივალი და კონცერტია დაგეგმილი.

[br]„ვპირდებით ჩვენი ქალაქის მოსახლეობასა და ყველა სტუმარს, რომ მრავალფეროვანი კულტურული პროგრამებით დავხვდებით და ვუმასპინძლებთ აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს. შევთავაზებთ მათ არაერთ ფესტივალს, თავისუფალ ხელოვანებს კი სხვადასხვა პროექტს. შევთავაზებთ სპექტაკლებს, პრემიერებს. მუზეუმებში იქნება მუდმივად განახლებული კოლექცია“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

„ჩვენ საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტიურ ზრდას ველოდებით. სერიოზულად ვმუშაობდით როგორც სამიზნე, ასევე მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, კარგი სეზონი გვექნება.  ველოდებით როგორც ეკონომიკური აქტივობების გახსნას, ასევე ძალიან ბევრ ტურისტს“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერმა.

იმისათვის, რომ ზაფხულის სეზონმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებში, მათ შორის სასტუმროებში, კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში კოვიდრეგულაციები იყოს დაცული. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ სტუმრებსაც.

„მოლოდინი და პროგნოზი პოზიტიურია. დღევანდელ სიტუაციაში პანდემიის პარალელურად ტურისტების ნაკადი რომ მიიღო, აუცილებელია  რეგულაციების დაცვა, სექტორის მზაობა და პანდემიის მართვა ქვეყანაში. ამ მხრივ რეგიონი და ქვეყანა მოწინავე პოზიციებზეა. ამიტომ დაინტერესება დიდია ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, რეგიონი ყველანაირად მზადაა. კვების ობიექტებიც მოწესრიგებულია, შეგვიძლია მივიღოთ სტუმრები და სხვადასხვა მომსახურებაც შევთავაზოთ მათ“, – განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

აჭარა ტურისტებს შთაბეჭდილებებით სავსე დასვენებას, გართობასა და უამრავ დაუვიწყარ მოგონებას ჰპირდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend