მთავარისაქართველოუჩვეულო სასწავლო წლის დასასრული

უჩვეულო სასწავლო წლის დასასრული

სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად სკოლებში დერეფნები დაცარიელდა. დამთავრდა კიდევ ერთი უჩვეულო სემესტრი.

მასწავლებლები საბოლოო ნიშნებს წერენ, მოსწავლეები კი თავიანთ შეფასებებს ელიან.

„კარგია, რომ წელს შესაძლებლობა მოგვეცა სასწავლო წელი საკლასო ოთახებიდან გავაცილოთ. თებერვლიდან რეჟიმი შეიცვალა და საკლასო ოთახებს დავუბრუნდით. თუმცა ზოგიერთი ჩემი კლასელი ონლაინ რეჟიმზე დარჩა. აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს ფორმატი უკეთესი იყო “, – ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა.

ლუკას სკოლაში სიარული ურჩევნია. ამბობს, რომ სწავლების ტრადიციული ფორმა მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარება.

„აქ რომ მოდიხარ, უფრო მეტად ხარ განწყობილი სწავლისათვის, ვიდრე დილას, როდესაც ტელეფონს რთავ და ონლაინ გაკვეთილზე შედიხარ.“

[br]განვლილ სასწავლო წელს იხსენებს ქიმიის მასწავლებელი მარინა მამულაშვილიც.

ჩვენ მოსწავლეებთან პირისპირ სწავლებას ვართ მიჩვეული. პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა ყველაფერს კარგად გაართვეს თავი“, – გვიამბო მარინა მამულაშვილმა.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს გადასალახი სირთულეები.

„ერთადერთი პრობლემა, რაც ახლაც გვაქვს, ტექნიკას შეეხება. მოსწავლეთა ნაწილს შესაძლოა, მოძველებული ტელეფონი ან კომპიუტერი ჰქონდეს, რაც ართულებს დისტანციური სწავლების პროცესს.“

განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა ამბობს, რომ განვლილი სასწავლო წელი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის საკმაოდ სტრესული იყო.

„მთელ მსოფლიოში განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეს პრობლემები ჩვენთანაც აქტუალურია. აქამდე საქართველოში დისტანციური ტიპის სწავლების პრაქტიკა არ იყო გავრცელებული. ახლა აუცილებელია ამ პრობლემების აღიარება, მათი სიღრმისეული შესწავლა და სტრატეგიის დასახვა“, -განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ რეზო აფხაზავამ.

ბოლო ზარიც დაირეკა და სკოლა სექტემბრამდე დაემშვიდობა მოსწავლეებს. მასწავლებლებს იმედი აქვთ, რომ შემდეგი სემესტრიდან მოსწავლეებს სრული შემადგენლობით შეხვდებიან საკლასო ოთახებში რადგან:

„მოსწავლის გარეშე ცარიელი სკოლა ძალიან რთული ასატანია“, – მარინა მამულაშვილი

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend