მთავარისაქართველოISFED-ი ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

ISFED-ი ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის პოლიტიკური გარემო შეაფასა.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმაზე, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მედიასა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან გამორჩეული მოვლენაა, რადგან მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს.

 
იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

[br]როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, თვისებრივად განსხვავებული ორი არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს არჩევნების მნიშვნელობის შესუსტებას და ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ქცევაზე.

“ჩვენ შევამჩნიეთ, რომ განსაკუთრებით მმართველი პარტია გააქტიურდა. მათ უკვე დაიწყეს რეგიონებში შეხვედრები. როგორც ისინი ამბობენ, ისინი ხვდებიან პარტიის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ტენდენციები, რომლებიც ამ ეტაპისთვის შევამჩნიეთ, არის ის, რომ გააქტიურდა და უფრო მასშტაბური გახდა სხვადასხვა პროექტი, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული. მეორე შესამჩნევი ტენდენცია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაა. ეს  განსაკუთრებით რეგიონებში ხდება”, – აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა აისახოს კენჭისყრის პროცედურების დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ მისცემს ამომრჩეველი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას, ასევე გარკვეული ეტაპებისგან უნდა შედგებოდეს კენჭისყრის პროცედურები და ეს უნდა განხორციელდეს საპილოტე რეჟიმში”, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი თათია ქინქლაძე.

მონიტორინგთან ერთად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას გაუწევს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც იძულებით ჩართეს საარჩევნო პროცესში ან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, აგრეთვე მათ, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend