მთავარიმსოფლიოამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები ჟენევაში ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები ჟენევაში ხვდებიან

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეხუთე პრეზიდენტია, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის ლიდერის რანგში შეხვდება.

ხვალ, 16 ივნისს, ჟენევაში დაგეგმილ პრეზიდენტთა შეხვედრას წინ უსწრებდა დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტები.

პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში პრეზიდენტთა შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ არსებობს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიდენისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო გეოპოლიტიკურმა დინამიკამ რადიკალური ცვლილება განიცადოს.

 
ნატოს რიგით 31 – სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

[br]მოსკოვში კი აცხადებენ, რომ დასავლეთმა იცრუა, როდესაც ზეპირად გაცემული დაპირება, რომლის თანახმადაც ნატო აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარ რიგებში არ მიიღებდა, არ შესრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევიდან მალევე ჯო ბაიდენმა რუს ლიდერს მკვლელი უწოდა, თუმცა ვაშინგტონის ოფიციალური ტონი შედარებით შერბილებულია ჟენევაში შეხვედრის წინ.

ჯო ბაიდენის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ღირსეული მოწინააღმდეგეა და ვრცლად მასზე შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

“საერთაშორისო მედიასთან, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, საკუთარ მომავალ ნაბიჯებზე საუბარი არ არის ის, რასაც მე გავაკეთებდი. თუმცა გეტყვით ერთს, მე პრეზიდენტ პუტინს გასაგებად ვეტყვი, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია თუ ამას რუსული მხარე მოისურვებს. თუკი ვლადიმერ პუტინი არ მოისურვებს თანამშრომლობას და განაგრძობს იგივე პოლიტიკას, ჩვენ მათ პასუხს გავცემთ. ჩვენს შორის თანამშრომლობა მსოფლიოს ინტერესებში შედის. უნდა ვნახოთ ეს შესაძლებელია თუ არა. მე ვლადიმერ პუტინს პირველად არ ვხვდები, ის ჭკვიანი, ძლიერი და როგორც სპორტში იტყოდნენ ღირსეული მოწინააღმდეგეა”,- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას დიდი ალბათობით უკრაინის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან ადგილზე დისლოცირებული ჯარების ნაწილი გაიყვანა, მძიმე ტექნიკა ადგილზე რჩება.

სექტემბერში კი რუსეთის ფედერაცია ადგილზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს. სავარაუდოდ, ბელარუსისა და სირიის საკითხები ასევე იქნება პრეზიდენტთა შეხვედრის დღის წესრიგში.

“მომავალი სამიტი ჩვენი ურთიერთობების გამოსწორებას, პირდაპირი დიალოგის დამყარებას და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას შეუწყობს ხელს. ნამდვილად არის სფეროები, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, სტრატეგიული სტაბილურობის, რეგიონული კონფლიქტებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამ სფეროებში ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ეფექტიანად ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ხვალ,16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend