მთავარი საქართველო საქართველოს გზა NATO-ს წევრობისკენ

საქართველოს გზა NATO-ს წევრობისკენ

ალიანსთან თანამშრომლობის ისტორია

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის 46-ე პრეზიდენტის  განცხადება ნატოს პირველი გზავნილი იყო  საქართველოსთვის ღია კარის პოლიტიკის თაობაზე.

მაშინ ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ საქართველო და უკრაინა იმსახურებდნენ ალიანსის  წევრობას. მას  შემდეგ  ნატოს უკვე მესამე გენერალური მდივანი უდგას სათავეში, თუმცა ალიანსის  მაღალჩინოსანთა  რიტორიკა არ შეცვლილა და მთავარი გზავნილიც  ერთია – „ახლა ჯერი საქართველოზეა“.

ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტამდე 8 წლით ადრე საქართველოს მეორე  პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე Financial Times-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ  საქართველო ალიანსის კარზე ხმამაღლა დააკაკუნებდა.

წევრობის სამოქმედო გეგმა ქვეყანას 21 წლის შემდეგ ჯერ ისევ არ აქვს.

თუმცა,  აქვს პირობა ალიანსისგან – ეს არის  ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ნატოს სამიტის დეკლარაციაში ამ პუნქტის ჩაწერიდან რამდენიმე თვეში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ამით საქართველოსთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა ძლიერი სამხედრო ალიანსის მხარდაჭერის საჭიროება.


ამავე წელს, თანამშრომლობა  კიდევ უფრო გაღრმავდა და  ნატო-საქართველოს კომისიამ დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ქვეყანა ალიანსის მიერ განსაზღვრულ   ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას ასრულებს,  თუმცა ნატოს გზავნილი იგივე რჩება – „ჯერი საქართველოზეა“.

მაშინ MAP-ი  არ მოგვცეს, მაგრამ საქართველოში პოლიტიკოსთა ნაწილმა ნატოს მიერ განსაზღვრული ეროვნული პროგრამა აღიქვა, როგორც  „მაპზე მეტი“. იყო მოსაზრებაც, თითქოს  საქართველოს ჰქონდა შანსი  ნატოს წევრობისთვის მაპის გარეშეც მიეღწია, თუმცა ასეთი  განცხადებები ნატოს გენერალური მდივნის  ერთ-ერთი  გამოსვლის შემდეგ შეწყდა.

2016 წლის თავდაცვის მინისტერიალზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:

წევრობის სამოქმედო გეგმა არის ალიანსის მიერ მისანიჭებული პოლიტიკური სტატუსი, რომელიც კონსენსუსზე უნდა იყოს  დაფუძნებული. სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ჯერ სწორედ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ უნდა არსებობდეს კონსენსუსი“.  

საქართველო დღემდე სწორედ  ამ პოლიტიკური კონსენსუსის მოლოდინშია. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები რუსეთიდან მომავალ  საფრთხეებს უფრო მძაფრად აღიქვამენ და ამიტომ ალიანსის გაფართოებას ემხრობიან, დასავლეთი ევროპა კი ჯერ ისევ დუმს.

„მტკიცე მხარდაჭერის  მისია“ ავღანეთში დასრულებულია,  თუმცა ქართველი  სამხედროები საერთაშორისო მშვიდობისთვის ალიანსთან ერთად არაერთ მისიაში მონაწილეობენ.

ამასობაში,  ასპირანტი  საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს ფლობს,  საქართველოში ფუნქციონირებს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, აქტიურად განიხილება საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში და ქვეყანა მონაწილეობს  ნატოს სამხედრო წვრთნებში.

ნატოს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი რომ გახდეს, კიდევ აქვს გადასალახი რამდენიმე დაბრკოლება – ანუ, ჯერი ისევ საქართველოზეა.

თუმცა,  არა მხოლოდ.. ბევრი რამ დასავლეთევროპული ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

NATONATO

Send this to a friend