მთავარი საქართველო როდის უნდა გვდიოდეს ცრემლები?

როდის უნდა გვდიოდეს ცრემლები?

საქართველო რეზო გაბრიაძეს დაემშვიდობა

მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია – “შერეკილები”, “მიმინო”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამნი გზაზე” და სხვები…

ყველა გამორჩეული და დასამახსოვრებელი. 40 წლის წინ რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც მაშინვე შეიყვარა მაყურებელმა  და დღემდე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა.

რეზო გაბრიაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი.

მისი უკანასკნელი ნამუშევარი ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმია, რომელშიც ის მაყურებელს საკუთარ ბავშვობასა და მშობლიურ ქუთაისზე უყვება.

ქალაქზე, სადაც უყვარდათ სიტყვები “გენიოზი, გრადუზი და ესენცია…” 10 ივნისს რეზო გაბრიაძე მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.


“ქალაქის ძველ უბანში მივდიოდი, როდესაც გვერდით თბილისის მთავარი არქიტექტორის მანქანა გაჩერდა.

– გაქვს რამე წინადადება ძველი თბილისის რესტავრაციისთვის? – მკითხა მან.

– მარიონეტების თეატრს გავხსნი, ვუპასუხე მე.

ერთნაირად გაკვირვებული დავრჩით იმიტომ, რომ მანამდე არასდროს მენახა მარიონეტები და არც მიფიქრია მათზე. თეატრი ჩემთვის, პირველ რიგში, ნიშნავდა სახელოსნოს, საღებავებს, ტილოს და ბედნიერების შეგრძნებას. არქიტექტორი დაფიქრდა და თქვა – გექნება შენ თეატრი. მანქანამ დაიწივლა და გავარდა ჩემს მომავალში…” – ჰყვება რეზო გაბრიაძე ფილმში – “ჰარი ჰარალე დედაო”.

მომავალში ჯადოსნური სამყარო იყო. სამყარო თოჯინებით, ზღაპრის გმირებით და მათი უცნაური თავგადასავლებით. რეზო გაბრიაძეს სწორედ ამ გზით უნდოდა, მაყურებლისთვის სამოთხის შეგრძნება გაეზიარებინა.

სამოთხის, რომელშიც როგორც თავად თქვა, დაუმსახურებლად აღმოჩნდა და ცხოვრებამ გამოაძევა.

“ბატონი რეზოსგან ყოველთვის ხდებოდა სასწაული. ყველა ურთიერთობაში, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული, იყო სასწაულის ელემენტები. ახლაც  გაგრძელდება ცხოვრება მასთან ერთად იმიტომ, რომ ის არსად წასულა, ჩვენთან ერთად არის, თავის გმირებთან ერთად, იმ ყოველდღიურ თითქოს პატარ-პატარა დამთხვევებთან, რომლებიც ყოველთვის ახლდა მასთან ურთიერთობას. დამთხვევები ხომ სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის “ზემოდან” წამოსული ენა და ამ ენის თარჯიმანი იყო ბატონი რეზო”, – ამბობს მარიონეტების თეატრის ლიტერატურული ხელმძღვანელი თამთა თურმანიძე.

“შეყვარებული იყო თავის სხვადასხვა პროფესიაზე. ალბათ ჩვენც ეს შეგვძინა, რომ თუ არ გიყვარს შენი პროფესია და არ ხარ მთლიანად მასში ჩაძირული, ძალიან გაგიჭირდება რამის მიღწევა”, – ამბობს მარიონეტების თეატრის დასის ხელმძღვანელი თამარ ამირეჯიბი.

“მისი გენიალურობა ყველაფერში ჩანდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, წვრილმანზე ლაპარაკობდა თუ მნიშვნელოვანზე – ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო, ახალი, დასაფიქრებელი. ყოველთვის, მასთან ურთიერთობის მერე სულ ფიქრობდი – რა მითხრა, რას ნიშნავს… საოცრება იყო ჩვენს ცხოვრებაში რეზო”, – იხსენებს მარიონეტების თეატრის მსახიობი  ანა ნიჟარაძე.

მარიონეტებამდე და მერეც იყო კინო, კინო, რომლის სცენარშიც შეუძლებელი არაფერია, მათ შორის არც ფიზიკის კანონების დარღვევა და არც მარადიულ ასტრონავტად გადაქცევა. არც ის აფიქრებდა მაყურებელს, რატომ უდრის სიგრძე სიყვარულს, სიგანე კი – რწმენას.

“პირველი შთაბეჭდილება იყო შერეკილები, რომელიც ბავშვობაში ვნახე და იმდენად დამაინტერესა, რომ შემდეგ წავიკითხე. ეს კიდევ ცალკე დიდი სიამოვნება იყო. რა თქმა უნდა, “არაჩვეულებრივი გამოფენა” , “არ იდარდო” თუ სხვა, ეს ცალკე სამყაროა, რეზო გაბრიაძის სამყარო”, – ამბობს მსახიობი ზურაბ გეწაძე.

“საბჭოთა სივრცეში გაბრიაძის შემოქმედება ის ოაზისი იყო, როლითაც ჩვენ, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები, რაღაც იმედს ვხედავდით. ეს თითქოს სარკმელი იყო ჩვენთვის”,- ამბობს მუსიკოსი დავით შუღლიაშვილი.

“საოცარი საღამოები მახსოვს, საოცარი დარიგებები… ისე გასწავლიდა, გირჩევდა, ისე მოგაწვდიდა სხვადასხვა იდეას, ეს ყველაფერი მარგალიტებივით შესაგროვებელია”, – იხსენებს რეჟისორი დავით საყვარელიძე.

მარიონეტების თეატრის კოშკში ანგელოზი ახლაც საზეიმოდ რეკავს ზარს.

თოჯინებიც ისევ გამოვიდნენ მაყურებელთან შესახვედრად. არავინ ტირის… ეს ხომ რეზო გაბრიაძის დევიზი იყო: – “დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს…”

რეპორტაჟში გამოყენებულია კადრები ლევან გაბრიაძის ფილმიდან – “ჰარი ჰარალე დედაო”.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend