იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობის გაზრდა;
სასამართლოში დამოუკიდებლობის, ეთიკისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება – ეს არის ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ პრიორიტეტები.
პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მართლმსაჯულების სისტემის განვითარების გზებზე იმსჯელეს. ეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმის დანერგვასთან ერთად, მისი წარმატებით განხორციელებაა აუცილებელი.
„ეს არის ის პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით უზრუნველყოფს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას. პროექტის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამასთანავე, პროექტი კოვიდპანდემიამაც შეაფერხა. თავდაპირველად ჩვენ სასამართლოსთან, პროკურატურასთან და საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა დავიწყეთ. მართლმსაჯულების განვითარების სისტემა არ უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.
პროექტის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
[br]საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ იმ ინვესტიციის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
„ჩემი აზრით, მართლმსაჯულების სექტორში ეს პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. პროექტის სხვადასხვა ფაზა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგებით კმაყოფილი ვართ, ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. 19 აპრილის შეთანხმება არის ის საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა განმტკიცდეს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ძირითადი მიზანი რეფორმების სრულად დანერგვა იყო, რაც ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწასა და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
მიზნის მისაღწევად გასული ოთხი წლის განმავლობაში 185 კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი და საერთაშორისო კონგრესი თუ სიმპოზიუმი ჩატარდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს სრულყოფამდე ძალიან ბევრი აკლია.
„ეს არის ეტაპობრივად გადასადგმელი ნაბიჯები. ამას სჭირდება ინსტიტუციური მეხსიერების დაგროვება, ასევე შიდა და გარე ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მე ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ ეტაპობრივად“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ღონისძიებაზე შეაჯამეს „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები, როგორებიცაა: სასამართლო მმართველობის მულტიცენტრალური მოწყობა და გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობა.
თუმცა სასამართლო რეფორმების სრულყოფილად განხორციელება ამით არ დასრულებულა.
სასამართლო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა შეასრულონ.