შუასაუკუნეების ესპანური სოფელი ფერმოსელიე ერთ-ერთია იმ 12 ადგილიდან, სადაც შეგიძლიათ ეკოლოგიური ტურისტული პროექტის Moveletur-ის ფარგლებში ელექტრომობილი უფასოდ მიიღოთ. ეს პროექტი ესპანეთსა და პორტუგალიაში ეკოლოგიურ ტურიზმს უწყობს ხელს.
ესტერმა და ხოსე ლუისმა ამ პროექტისგან ელექტროველოსიპედები ითხოვეს.
ხოსე ლუის ანდრესი ამბობს, რომ ესტერთან ერთად ლას ესკალერასის გადმოსახედზე აპირებენ ასვლას, საიდანაც პორტუგალია და მდინარე დუეროს მეორე ნაპირი ჩანს.
Moveletur-ის პროექტი ტურისტებს საშუალებას აძლევს, რომ ესპანეთისა და პორტუგალიის საზღვრისპირა ტერიტორიებზე ეკოლოგიური ტრანსპორტით იმოგზაურონ და იბერიის ნახევრაკუნძულზე მდებარე შვიდი დაცული ტერიტორია დაათვალიერონ.
ეს მარშრუტი ათას კილომეტრს ფარავს და ტურების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. გარემოსდამცველები გვიხსნიან, რატომ არის აქაურობა საინტერესო.
[br]ჯულია სენდინ გარსია, გარემოს დაცვის ექსპერტი:
„ყველაზე საინტერესო კანიონში მოხვედრაა, მდინარე დუერო ფრინველთა დაცული ტერიტორიაა, სადაც მრავალი სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. აქ ნახავთ შავ სვავს სამმეტრიანი ფრთების შლილით, ორბს, რომლის ფრთების შლილი 2 მეტრია და მეტრნახევრიან ფასკუნჯს, რომელიც ამ პარკის სიმბოლოა.“
მოველეტური მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და მისი სატრანსპორტო პარკი 100 ელექტრო მოძრავი საშუალებისაგან შედგება. ეს პროექტი თითქმის მილიონი ევრო დაჯდა, რომლის 75 პროცენტიც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამამ დააფინანსა.
ტურისტებს სასურველი ელექტროსატრანსპორტო საშუალების არჩევა და დაჯავშნა პროექტის ვებგვერდზე შეუძლიათ. ასე მოგზაურობის დროს დაცულ ტერიტორიებს უკეთ დაათვალიერებ, გზაზე კი მრავალი სიურპირზი გელოდება.
ხესუს დიესი, Moveletur-ის პროგრამის დირექტორი:
„როდესაც ელექტრომობილს აჩერებ, ცხოველები არ ფრთხებიან, ისინი ადგილზე რჩებიან და შეგიძლია, მათი ცქერით დატკბე. თუ შიდაწვისძრავიანი მანქანით ხარ, ძრავის ხმაური აფრთხობს ცხოველებს, გარბიან და ვეღარ აკვირდები.“
პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ესპანეთისა და პორტუგალიის შვიდ დაცულ ტერიტორიაზე გამავალ გზაზე ელექტროტრანსპორტის დასამუხტი წერტილების მოწყობა იყო.
პედრომ და მისმა ოჯახმა პორტუგალიის ქალაქ ბრაგანსაში ელექტროტრანსპორტით გადაწყვიტა კულტურული ტურის მოწყობა.
პედრო პარეირასი, ტურისტი:
„ჩვენ მეცამეტე საუკუნის ციხესიმაგრისა და ბრაგანსის ისტორიული ნაწილის დასათვალიერებლად წავედით. ტექნოლოგიებისა და ტაბლეტების დახმარებით, ყველა საინტერესო ადგილი მოვინახულეთ და ამ ქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ.“
ესპანეთისა და პორტუგალიის საერთო ეკოლოგიური ტრანსპორტის პროექტმა „მოველეტურმა“ ამ ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონები უკეთ დააკავშირა და იუნესკოს ქებაც დაიმსახურა.
ავტორი: ავრორა ვალესი