მთავარი საქართველო მზადება NATO-ს სამიტისთვის

მზადება NATO-ს სამიტისთვის

ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიუსელისკენაა მიმართული, სადაც 14 ივნისს NATO-ს რიგით 31-ე სამიტი გაიმართება.

ლიდერების შეხვედრას განსაკუთრებით ელოდებიან საქართველოსა და უკრაინაში და იმედოვნებენ, რომ საბოლოო დეკლარაციაში თბილისისა და კიევისთვის პოზიტიური გზავნილები ჩაიწერება.

იქამდე კი საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც 14 ივნისს NATO-ს სამიტზე იქნება წარდგენილი. დოკუმენტის მიხედვით, ბრიუსელის სამიტი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის აღნიშვნის შესაძლებლობას იძლევა. ასევე განცხადებაში წერია, რომ NATO-ს წევრობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოხატოს თავისი პოზიცია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„პარლამენტმა მოამზადა ერთობლივი განცხადება, რომელიც 14 ივნისს NATO-ს სამიტზე იქნება წარდგენილი. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მოაწეროს ხელი და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ, რომელიც ყველას ინტერესებში შედის და საკითხი, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველა პარტიამ დააფიქსიროს. მასზე ხელმოწერა შეეძლება როგორც ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად, ასევე პოლიტიკური გაერთიანებისა და ჯგუფის სახელითაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზადაა იმისთვის, რომ NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს NATO-ს წევრობას და ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პოლიტიკური ნება არსებობს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.


7 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი ეწვია. ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე სწორედ NATO-ში ინტეგრაციაზე საქართველოს პროგრესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ NATO-ს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„14 ივნისს NATO-ს სამიტი გაიმართება. პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამ სამიტზე დასწრებას. საქართველო NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა. ამ კუთხით ჩვენი ურთიერთობისა და კავშირების დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, გასულ კვირას საქართველოში კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა და მათაც ისაუბრეს როგორც ამ საკითხზე, ასევე იმ ნათელ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს. ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში ეკონომიკურად ძლიერი ინსტიტუტის მშენებლობისთვის. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ. თუმცა, 19 აპრილის შეთანხმება იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის NATO-კენ მიმავალი გზა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა.

NATO-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს ხელი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მოაწერეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში NATO-ში ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მომავალი არის ზეპარტიული საკითხი და საპარლამენტო განაცხადს ფართო მხარდაჭერა აქვს.

„NATO-ში ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მომავალი არის ზეპარტიული საკითხი და, შესაბამისად, რასაკვირველია, ამ საპარლამენტო განაცხადს ფართო მხარდაჭერა აქვს ოპოზიციური სპექტრიდან. ეს, ერთ მხრივ, ადასტურებს იმას, რომ როდესაც ქვეყნის ინტერესია ეს ჩვენთვის პარტიულ ხაზებზე მაღლა დგას, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამოვრიცხავთ ან ვივიწყებთ, ან თვალს ვხუჭავთ იმ რეალობაზე, იგივე NATO-სთან მიმართებით, რომელიც არის მძიმე რეალობა“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

NATO-ს სამიტამდე 6 დღე რჩება. საქართველოში იმედოვნებენ, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბრიუსელიდან მკაფიო გზავნილებს მიიღებენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

NATONATO

Send this to a friend