მთავარისაქართველოქართული პროდუქტი ევროპაში

ქართული პროდუქტი ევროპაში

რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა ევროპის ბაზარზე შესასვლელად?

2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რაც საქართველო შესაძლებლობას აძლევს ევროპის ქვეყნებში პროდუქტი საბაჟო ტარიფის გარეშე გაიტანოს.

თუმცა, ამავე ხელშეკრულებით, საქართველო ვალდებულია წარმოების ევროპული სტანდარტები დანერგოს.

„ერთი არის უვნებლობის მოთხოვნა, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უნდა მიაყენოს ზიანი. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი – მცენარეულის შემთხვევაში ფიტოსანიტარული; ცხოველურის შემთხვევაში კი ვეტერინარული. ეს ადასტურებს იმას, რომ პროდუქტი უვნებელია“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური.

იმას, თუ როგორია სურსათის უვნებლობის ხარისხი, აკრედიტირებული ლაბორატორია ადგენს. ამის საფუძველზე კი სახელმწიფო შესაბამის სერტიფიკატს გასცემს.

[br]ხშირ შემთხვევაში წევრ ქვეყანასა თუ კონკრეტულ სავაჭრო ქსელს უვნებლობასთან ერთად მარკეტინგული სტანდარტების მოთხოვნებიც აქვთ.

„რამდენიმე ხილის სახეობასთან დაკავშირებით გარკვეული მარკეტინგული სტანდარტი არსებობს. მაგალითად ვაშლი უნდა იყოს ერთგვაროვანი შეფერილობის, არ უნდა ჰქონდეს ხილული დაზიანებები“, – ამბობს ლაშა ინაური.

ამასთანავე, მეწარმემ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი – EUR.1 უნდა წარადგინოს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტი ან მთლიანად უნდა იყოს წარმოებული საქართველოს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის დადგენილ გარკვეულ მოთხოვნებს. დოკუმენტს შემოსავლების სამსახური გასცემს.

„ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, საქონელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გავა ევროკავშირში, ისარგებლებს შეღავათიანი პირობებით… 2020 წელს გავეცით 5000-მდე წარმოშობის სერტიფიკაცი EUR.1, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი – 1800-მდე დოკუმენტი“,  – განმარტავს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის სტანდარტის დაკმაყოფილება ქართულმა სასურსათო პროდუქტების ნაწილმა შეძლო.

ევროპის ქვეყნებს საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი (14968 ათასი აშშ დოლარი), ღვინო (5425 ათასი აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (4116 ათასი აშშ დოლარი) , ხილისა და ბოსტნეულის წვენები (1097 ათასი აშშ დოლარი) მიეწოდება. ამ პროდუქტების გარდა ევროპის ბაზარზე კიდევ 26 დასახელების სასურსათო პროდუქტი გადის.

ვაშლი, ატამი, პომიდორი, კენკრა, სალათის ფურცელი – ეს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივი ბაზრისთვის არის. მაგრამ მათი ნაწილი ევროკავშირშიც გავა.

ნინი დვალიშვილი, ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend