მთავარი საქართველო ბოიკოტი დასრულებულია - პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" შევიდა

ბოიკოტი დასრულებულია – პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” შევიდა

შვიდთვიანი პოლიტიკური ბოიკოტი დასრულებულია.

საქართველოს პარლამენტში მუშაობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შემავალ პარტიებთან ერთად შეუდგა.

დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ და სასესიო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამ ოპოზიციურ პარტიას მეათე მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ამბობენ, რომ ბოიკოტის მიზანი მიღწეულია და ახლა მმართველი გუნდის ოპონირებას პარლამენტის ტრიბუნიდან გააგრძელებენ.

„ჩვენ ,,ქართული ოცნების” დღის წესრიგით არ მივდივართ, „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს. ძალიან მალე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მანამდე ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 
საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები იწონებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ არ აწერენ ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს.


„კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს“, – აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

მმართველი პარტიის დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას დაგვიანებულს უწოდებენ და მათგან ღირსეულ ოპონირებას მანამ არ ელიან, სანამ ისინი შარლ მიშელის ხუთპუნქტიან დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპონენტები ყველაზე დიდი საპარლამენტო ოპოზიციიდან შოუების მოწყობით დაკავდებიან.

„საკუთარ თავში იპოვონ ძალა რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. ზოგი მათგანი მაინც თუ მოახერხებს რომ რეალურ ხარვეზებზე მიგვითითონ, დიდი სიამოვნებით შევალთ დისკუსიაში და საქმეს გავაკეთებთ. მათი დღის წესრიგი ვნახეთ რაც არის. 7 თვე ქვეყანას აჯანჯღარებენ. 7 თვეა საბოტაჟზე მიდიან, ამბებს იგონებენ. გასაგებია, რომ მათი დღის წესრიგი დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამასობაში ამ კამათის მიღმა საქმე კეთდება”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა  მდინარაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პარლამენტში 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ნაციონალური მოძრაობანაციონალური მოძრაობა

Send this to a friend