მთავარი საქართველო მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის

მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი სტანდარტით უნდა ჩატარდეს.

მცირე ვადებში ცესკო და პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების შემოღებას.

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელზეც მუშაობა მეათე მოწვევის პარლამენტმა შეკრებიდან მალევე დაიწყო, მთელი რიგი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ერთ-ერთია საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 10%-ზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დაყენება. ამ საკითხზე მუშაობს ცესკოც.

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ რამდენიმე ინიციატივაზე იმსჯელეს.

„სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა ის მოთელილი და მოთათბირებული ვარიანტი, რაც შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო პროცესში, ამ პროცესის დამატებით გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. შევთანხმდით, რომ ამ კვირაში ყველა მომზადებული მასალა გაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტიებს და ამ შაბათს იგეგმება პილოტირებული არჩევნების ჩატარება იმისთვის, რათა უკვე მოთათბირებული ვარიანტები განვიხილოთ და ვნახოთ რეალურ სივრცეში. საუბარი არის დამატებითი ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შემოტანაზე საარჩევნო პროცესში, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციისას, ასევე კენჭისყრის პროცესში და ხმის დათვლისას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.


განხილვებში მონაწილე პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არჩევნების შესაძლო გაყალბების ალბათობას შეამცირებს. მათი თქმით, მთავარია ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა დროში მოესწროს.

პოლიტიკური სუბიექტებიდან ცესკოში გამართულ შეხვედრას არ დაესწრო მმართველი და ოპოზიციური პარტიების ნაწილი.

„განიხილება ამომრჩევლის სახით იდენტიფიცირება, ამომრჩევლისთვის ბარკოდიანი ბიულეტენების გადაცემა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს კარუსელის შესაძლებლობას და ბოლოს – დათვლის პროცესში არის სიახლეები: დათვლის პროცესი იქნება კამერით გადაღებული და დასკანერდება ყველა ბიულეტენი და გასაჯაროვდება – ეს სამი ძირითადი კომპონენტი არის სამუშაო ვერსია, ეს ყველაფერი შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ინიციატივის სახით, რომელსაც მიიღებს პარლამენტი ანუ ამ რეკომენდაციებს, რომლებიც შევიმუშავეთ პარლამენტში შესულმა პარტიებმა და ცესკო-მ, გადავცემთ კანონპროექტის ძირითად ცვლილებებს პარლამენტს, რომელიც საბოლოოდ მიიღებს მეორე მოსმენით. იმედია, მოასწრებს ამის მიღებას”, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ანა კობახიძემ.

პროცესის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს, თუმცა მათი თქმით დრო მცირეა.

“ეს არის საკმაოდ ამბიციური ცვლილებები, რაც თვისთავად გამორიცხავს, რომ ამ არჩევნებზე ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდეს. თუმცა, მთავარია მოესწროს იქ მაინც, სადაც შეთანხმებითაა გათვალისწინებული. კარგი იქნება თუ მოეწსრება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული სისტემების გამართვა, ასევე ამომრჩევლის სახით ამოცნობა და ასე შემდეგ“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი.

მომდევნო შეხვედრა, რომელიც ასევე ცესკოში გაიმართება, 12 ივნისსაა დაგეგმილი.

ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დასატესტად გაიმართება იმიტირებული არჩევნები. სიმულაციის დროს უნდა დადგინდეს, რამდენად გამართულია სისტემა, რამაც საქართველოში არჩევნებისას ხმის მიცემა და დათვლის პროცედურები დასავლურ სტანდარტებთან უნდა დაახლოვოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

თვითმმართველობის არჩევნებითვითმმართველობის არჩევნები
Send this to a friend